პარლამენტში გენდერულ თანასწორობასა და ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულების თაობაზე მსჯელობა გაიმართა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად, ევროკავშირის მე-9 რეკომენდაციის შესრულების გეგმებზე იმსჯელა, რომელიც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კიდევ უფრო ეფექტიანი ბრძოლის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

საბჭოს თავმჯდომარის, ნინი წილოსანის განცხადებით, დღევანდელი სხდომის ძირითადი თემა იყო ქართული კანონმდებლობის სტამბოლის კონვენციასთან შესაბამისობის საკითხი.

„ევროკავშირის მე-9 რეკომენდაციის შესრულება რამდენიმე კომპონენტად დავყავით. დღეს ძირითადი აქცენტი გაკეთებული იყო იმაზე, თუ რა საკანონმდებლო ინიციატივებს მოვიაზრებთ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის კუთხით, ასევე, როგორი გზით მივდივართ და საბოლოო შედეგის მიღებას როდის ველოდებით. მე-9 რეკომენდაციის შესრულების კონტექსტში, მომდევნო შეხვედრებზე განვიხილავთ ქალების ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების საკითხებს და ასევე, პარლამენტის, საბჭოსა და კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციებს. სტამბოლის კონვენციასთან დაკავშირებით, ჩვენ ცალკე თემატური მოკვლევა ჩავატარეთ, სადაც გამოიკვეთა სხვადასხვა საკითხები, მათ შორის: მეორეული ვიქტიმიზაციის აღმოფხვრა, გაუპატიურების მუხლი და კომპენსაცია ძალადობის მსხვერპლთათვის, რომლებიც მოიაზრება ამ რეკომენდაციაში. სექტემბერში, ჩვენ უკვე მომზადებული გვექნება ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ოქტომბერში აუცილებლად დაინიცირდება“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დასრულდა
შემდეგი სტატიასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ კანონპროექტთა პაკეტს მხარი დაუჭირა