პარლამენტში დღეს მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებენ

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებენ.
პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დასახელებული მამუკა ბახტაძე გუნდთან ერთად წარდგება. ბახტაძე პარლამენტს სამთავრობო პროგრამას გააცნობს, რის შემდეგაც გაიმართება კითხვა-პასუხი და სიტყვით გამოსვლები კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფარგლებში. ამის შემდეგ კენჭისყრაზე მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგება.
მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გარდა, მინისტრობის სამი ახალი კანდიდატია. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილია დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე – გიორგი ჩერქეზიშვილი, ხოლო ფინანსთა მინისტრად – ნიკოლოზ გაგუა. სამივე მათგანი შესაბამის უწყებებში მინისტრის მოადგილეების პოსტებს იკავებდნენ.
უახლოეს სამ კვირაში კი პარლამენტს სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი მთავრობის შემადგენლობა წარედგინება და მთავრობა ნდობის მისაღებად პარლამენტში კიდევ ერთხელ მივა. გუშინ მინისტრობის კანდიდატებს და სამთავრობო პროგრამას გაერთიანებულ კომიტეტებზე, ფრაქციებში, უმცირესობასა და უმრავლესობაში მოუსმინეს.

banner
წინა სტატიაშიავტოავარია შროშასთან- გარდაცვლილია წალენჯიხის მკვიდრი
შემდეგი სტატიაცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი საოკუპაციო ხაზის დემარკაციის მიზნით კომისიას ქმნის