პარლამენტში ბიუროს სხდომა გაიმართება

საქართველოს პარლამენტში დღეს ბიუროს სხდომა გაიმართება. დღის წესრიგით გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირების, რამდენიმე კანონპროექტის, ასევე ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებისა და საგანგებო მდგომარეობის საკითხები.

საკანონმდებლო ორგანოში დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობას ანტიკრიზისული პაკეტის წარდგენას მოითხოვს იმ შემთხვევაში, თუ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების აუცილებლობის საკითხი დადგება.

საკანონმდებლო ორგანოს ოპოზიციური ფრაქციების, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას როგორც უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების, ასევე ქართველი მეწარმეების დასახმარებლად.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლებამ პირდაპირი ფინანსური დახმარება უნდა გაუწიოს იმ ადამიანებს, ვინც სამსახურები დაკარგეს, ბიზნესსექტორისთვის კი მდგომარეობის შესამსუბუქებლად საკანონმდებლო ცვლილებები უნდა გაატაროს.

„ბიუროზე იქნება განხილული საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხი და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ჩვენი მხრიდან მხარდაჭერილი, თუ მას მოჰყვება აუცილებელი გადაუდებელი ღონისძიებების გეგმა, ანტიკრიზისული პაკეტი, რომელშიც, ერთი მხრივ, იქნება გათვალისწინებული სახლში დარჩენილი და ფაქტობრივად, გამოკეტილი ჩვენი მოქალაქეების პირდაპირი ფინანსური დახმარების გეგმა, ფულადი, სასურსათო თუ სხვა სახის და მეორე მხრივ, ბიზნესის გადარჩენის პროგრამა, რომელიც, თავის მხრივ, უნდა ითვალისწინებდეს ცვლილებებს სხვადასხვა კანონში, მათ შორის, საგადასახადო კოდექსში“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, ბიუროს სხდომას არ დაესწრებიან ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრები. თუმცა, მათ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე საკუთარი წინადადებები აქვთ. ოთარ კახიძის განცხადებით, ფრაქცია საგანგებო რეჟიმის გაგრძელების საჭიროებას მხარს კონკრეტული წინაპირობების შემთხვევაში დაუჭერს.

„სოციალური დისტანცირების მიზანი ვერ სრულდება. მაშინ, როდესაც ეკონომიკა არის გაჩერებული, რომ ვირუსი არ გავრცელდეს, ეკლესია პრაქტიკულად სრულიად თავისუფლად მოქმედებს და ხელისუფლება უმოქმედოა. „ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ მთელი რიგი სრულიად უაზრო შეზღუდვები იქნა შემოტანილი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში და სრულიად უყურადღებოდ არის დატოვებული ეკონომიკა, ჩვენი მეწარმეები და უმუშევრად დარჩენილი ჩვენი მოქალაქეები, ამიტომ ჩვენ გვექნება კონკრეტული წინადადებები, კონკრეტული წინაპირობები, რომელიც თან უნდა ახლდეს საგანგებო მდგომარეობას მისი გაგრძელების შემთხვევაში“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა კი საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ ბიუროს სხდომის დღის წესრიგში საგანგებო რეჟიმის გაგრძელების საკითხი არ არის. გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, ქვეყანაში ყოველდღიურად იცვლება სურათი, ამიტომ 21 აპრილამდე რთულია საკითხის განსაზღვრა.

რაც შეეხება მთავრობის მხრიდან როგორც საზოგადოების, ასევე ბიზნესის მხარდაჭერას, მაჭარაშვილის თქმით, ხელისუფლებამ არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადადგა და ახალ კონკრეტულ გეგმას პრემიერი რამდენიმე კვირაში წარმოადგენს. მისივე განცხადებით, თვის ბოლოს გახდება ცნობილი უმუშევრად დარჩენილი ადამინების ბაზა და დაგეგმილია პირდაპირი ფინანსური ინტერვენციები.

„ჯერ 21 აპრილამდე მაინც რჩება ისეთი დრო, რომ დღეს ნამდვილად არ შეიძლება, ითქვას, გაგრძელდება თუ არა, ან რა პერიოდით გაგრძელდება საგანგებო რეჟიმი. ეპიდსიტუაციის პარალელურად, სადაც საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს პროცესები, ეს არის არა ჩვენი, არამედ საერთაშორისო მეგობრების შეფასება, აუცილებლად ეკონომიკური პროცესებიც იხილება, კონკრეტული ნაბიჯებიც უკვე გადაიდგა და ამის შემდგომაც გადაიდგმება. კონკრეტულ ნაბიჯებში შედის კომუნალური გადასახადების გადახდა, ასევე არის გათვალისწინებული პირდაპირი დახმარება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ, გამოვიდნენ და მაღაზიაში შეიძინონ პროდუქტები და ასე შემდგომ. ბევრი მიმართულება არის დაგეგმილი. თვის ბოლოს უკვე ცნობილი იქნება ბაზა, ვინ დაკარგა სამსახური და ამათთვისაც პირდაპირი ფინანსური ინტერვენციები არის დაგეგმილი. რა თქმა უნდა კონკრეტული გეგმა, რომელსაც თავად პრემიერი და მთავრობა გააჟღერებს, აუცილებლად იქნება რამდენიმე დღეში ან კვირაში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პარლამენტმა საკომიტეტო განხილვები და პლენარული სხდომები დროებით კორონავირუსთან დაკავშირებით შეაჩერა. აპარატი საქმიანობას დისტანციურ რეჟიმში წარმართავს.

პარლამენტში ბიუროს სხდომა დღეს, 15:00 საათზეა ჩანიშნული.

banner
წინა სტატიაშიემოციური კადრები ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან
შემდეგი სტატიაირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სასამართლო განაჩენს დღეს გამოაცხადებს