პარლამენტში „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტი „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა და მხარი დაუჭირა.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარადგინა და კომიტეტის წევრებს ის ცვლილებები გააცნო, რომელიც კანონპროექტებში მათი პირველი მოსმენით განხილვის შედეგად აისახა.

სპეციალისტთა შეფასებით, იმის გამო, რომ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ მოქმედი კანონი ვეღარ პასუხობს ადამიანის ორგანოების გადანერგვის სფეროში არსებულ გამოწვევებს, საჭირო გახდა ახალი კანონმდებლობის შემუშავება.

ახალი საკანონმდებლო აქტი ერთიან საკანონმდებლო ჩარჩოში მოაქცევს ამ სფეროში არსებულ ნორმატიულ მასალას და იგი ევროკავშირის იმ სამართლებრივ აქტთან იქნება შესაბამისობაში, რომლის ჰარმონიზების ვალდებულება საქართველოს ასოცირების შეთანხმებით აქვს აღებული.

კანონპროექტის მიღების შედეგად, ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოწესრიგდება ადამიანის ორგანოების გადანერგვის ძირითადი პრინციპები, ცოცხალი დონორისაგან ორგანოს დონაციასთან და გარდაცვლილის ორგანოს დონაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები, განისაზღვრება დონორისა და რეციპიენტის უფლებები. კანონპროექტი დაადგენს ადამიანის ორგანოების ხარისხისა და უსაფრთხოების ძირითად სტანდარტებს, უზრუნველყოფს მიკვლევადობასთან დაკავშირებული სამართლებრივი მექანიზმის შექმნას, მოაწესრიგებს გადანერგვის სფეროს მართვასთან, მათ შორის, ინსპექტირებასთან, ლიცენზირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, ასევე განიხილა პარლამენტის წევრების: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილის, ჰერმან საბოს, ალექსანდრე რაქვიაშივლის საკნონმდებლო ინიციატივა – კანონპროექტი „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები პირველი მოსმენით. ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიზანია, საქართველოს საკანონმდებლო სივრციდან გაქრეს ტერმინი „გენდერი“, ვინაიდან მისივე განცხადებით, ტერმინის „ნებისმიერი გამოყენება ბუნდოვანებას აჩენს კანონმდებლობაში“.

კომიტეტმა აღნიშნულ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

დღესვე საბოლოო, მესამე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას – კანონპროექტს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებს. საკითხი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა წარადგინა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის შავი ზღვის ფლოტმა დაკარგა უკრაინის ეფექტური საზღვაო ბლოკადის უნარი – ბრიტანეთის დაზვერვა
შემდეგი სტატიაარანაირი ბუნტი არ არის, ყველა თავის მოვალეობას ასრულებს – თურნავა სებ-ზე