საქართველოს პარლამენტი „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა“ და „ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების შეტანას დაჩქარებული წესით განიხილავს.
საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან. მათი განმარტებით, ცვლილებების მიზანი მოქმედი კანონმდებლობის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანაა.
ცვლილებების თანახმად, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დანიშვნიდან ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია თვეში ერთხელ განიხილავს და შეაფასებს, კვლავ არსებობს თუ არა იძულებითი მკურნალობის გაგრძელების საფუძველი.
სასამართლოს პერიოდული კონტროლი: მკურნალობის შეფარდებიდან ყოველ 6 თვეში ერთხელ, დაწესებულების ადმინისტრაცია კომისიის გადაწყვეტილებასა და შესაბამის დოკუმენტაციას სასამართლოს გადაუგზავნის, რომელიც ხელახლა იმსჯელებს პაციენტისთვის მკურნალობის გაგრძელების საჭიროებაზე.
კომისიის გადაწყვეტილება, როგორც იძულებითი, ისე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდება.
მკურნალ ექიმს ინარჩუნებს უფლებამოსილებას, ნებისმიერ დროს მიმართოს კომისიას, თუ მიიჩნევს, რომ პაციენტი ვადამდე გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის, მოქმედი კანონმდებლობით, იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას სისხლის სამართლის მოსამართლე მაქსიმუმ 4 წლის ვადით ნიშნავს.















