პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით დაამტკიცა

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მეორე მოსმენით – 76 მომხრე 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, საკანონმდებლო პაკეტის კენჭისყრამდე, ცვლილებების ავტორმა, გუგული მაღრაძემ ის საკითხები დააზუსტა, რომლის თაობაზეც გუშინდელ სხდომაზე შენიშვნები გამოითქვა. მაღრაძის განცხადებით, განხილვისას გამოთქმულ რამდენიმე შენიშვნას ავტორები დაეთანხმნენ.

„როცა საუბარია თამბაქოს ნაწარმის ინტერნეტით, ან ფოსტით საცალო ვაჭრობაზე, ამ შემთხვევაში, ფრჩხილებში ჩაიწერება, რომ აკრძალვა მხოლოდ თამბაქოს ნაწარმს ეხება და არა იმ აქსესუარებს, რომელიც შეიძლება ინდმეწარმემ თავისი ხელით გააკეთოს და გაავრცელოს. ცხადია, ეს ბრენდირებულ ნაწარმს არ ეხება. მაგალითად, საფერფლეს. თუ ადამიანი ლერწმისგან რაღაცას გააკეთებს, იმას აკრძალვა არ ეხება“, – აღნიშნა მაღრაძემ.

დღევანდელ სხდომაზე ასევე საპარლამენტო უმცირესობის მიერ მომზადებულ ალტერნატიულ წინადადებასაც უყარეს კენჭი, რომელიც რვა მომხრე ხმით 66-ის წინააღმდეგ ჩავარდა.

პარლამენტი ცვლილებათა პაკეტს მესამე მოსმენით სავარაუდოდ მომავალ სასესიო კვირას მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტის განხილვის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
შემდეგი სტატიასასჯელაღსრულებისა სამინისტროსა და პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა