საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები ერთხმად, 80 ხმით დაამტკიცა. კანონპროექტი სიჩქარის გადაჭარბების საჯარიმო სისტემას და მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის დაწესებულ სანქციებს ცვლის, ასევე, აწესებს ახალ წესებს სადისტრიბუციო მანქანებისთვის.
ძირითადი ცვლილებები:
სიჩქარის გადაჭარბება: ჯარიმები ახლებურად განისაზღვრა:
15 კმ/სთ-დან 30 კმ/სთ-მდე გადაჭარბება — 50 ლარი;
30 კმ/სთ-დან 50 კმ/სთ-მდე გადაჭარბება — 100 ლარი;
50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბება — 300 ლარი.
მწვანე ნარგავების დაზიანება: მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისას ნარგავების დაზიანებისთვის სანქციები საგრძნობლად შემცირდა:
მუნიციპალიტეტებში ჯარიმა 500 ლარია (ნაცვლად 2 000-ისა), განმეორებით — 1 000 ლარი (ნაცვლად 5 000-ისა).
თბილისში ჯარიმა 500 ლარია (ნაცვლად 5 000-ისა), განმეორებით — 1 000 ლარი (ნაცვლად 10 000-ისა).
სადისტრიბუციო მანქანები: ღამის საათებში (01:00-დან 06:00-მდე) სადისტრიბუციო მანქანებს BUS LANE-ში დადგომისა და ტვირთის გადმოტვირთვის უფლება მიეცათ. შესაბამის პირობებს შს მინისტრი დაადგენს.
















