პარლამენტმა სექსუალური შევიწროების შესახებ გენდერული საბჭოს კანონი მესამე მოსმენით მიიღო.
ინიციატივის მიხედვით, ცვლილება ოთხს კანონში – შრომის კოდექსში, სახალხო დამცველის შესახებ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შევიდა.
კანონპროექტი განსაზღვრავს სექსუალური შევიწროების დეფინიციას, რომლის თანახმადაც სექსუალურ შევიწროებად ჩაითვლება საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ღირსების შელახვას და ქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.
ცვლილებებს შენიშვნის სახით დაემატა სექსუალური ხასიათის ქცევის უფრო კონკრეტული განმარტებაც:
“სექსუალური ხასიათის ქცევაში იგულისხმება სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმა ან/და მიმართვა, გენიტალიების ჩვენება, ან/და სექსუალური ხასიათის სხვა ნებისმიერი არასიტყვიერი ფიზიკური ქცევა”.
გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს” ემატება 166 პრიმა მუხლი, რომელიც საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების ცნებას საჯარო სივრცეში განსაზღვრავს. აღნიშნული მუხლი ასევე ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებებსაც და დამრღვევის მიმართ განსაზღვრულია შესაბამისი სანქციები. ცვლილება ეხება იმ მუხლებსაც, რომლის საფუძველზეც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა შეადგინონ სექსუალური შევიწროების ჩამდენი პირის მიმართ შესაბამისი ოქმი, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იქნება სასამართლოს მიერ