პარლამენტმა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

მარტოხელა მშობლის სტატუსის განმარტების ცვლილებას ითვალისწინებს კანონპროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელსაც პლენარულ სხდომაზე 96 ხმით დაუჭირეს მხარი.

კანონპროექტი სხდომაზე პირველი მოსმენით პარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა წარადგინა. დეპუტატის განმარტებით, ცვლილება მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის სამართლებრივ ნორმებს ეხება. „ცვლილების საფუძველი არის საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 28 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომელიც სამი მოქალაქისთვის მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებდა. აღნიშნული ცვლილების განხორციელებით მოხდება საქართველოს კონსტიტუციასთან კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა და ამ საკითხის სათანადოდ მოწესრიგება“, – განაცხადა მომხსენებელმა.

პროექტის თანახმად, მარტოხელა დედა ან მარტოხელა მამა არის პირი: რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ; რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ; თუკი მისი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად;

თუკი მისი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.

კანონპროექტიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილება შედის „საგადასახადო კოდექსში“, რომლის თანახმად, კანონით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი გავრცელდება როგორც მარტოხელა დედაზე, ასევე მარტოხელა მამაზეც. კერძოდ, მოქმედი ნორმით, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მარტოხელა დედის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე. სწორედ, აღნიშნული შეღავათით ისარგებლებენ მარტოხელა მამის სტატუსის მიმღები პირებიც.

კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

წინა სტატიაში500-მდე რუსმა ჯარისკაცმა უარი თქვა ბრძოლაზე და დაბრუნდა ყაბარდო-ბალყარეთში
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო და მარიამ ლაშხი „World Vision საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდნენ