პარლამენტმა „საქართველოს განვითარების ფონდის“ გაუქმებას მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა.
„სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ კანონპროექტს 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
„კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა უზრუნველყოს სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება“, – აღნიშნულია პარლამენტის ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმიდან ირკვევა, რომ მთავრობა „საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბანკის“ შექმნას გეგმავს.
დოკუმენტის მიხედვით, ახალი ფინანსური ინსტიტუტი არ განახორციელებს კომერციული ბანკისთვის განსაზღვრულ ისეთ საბანკო საქმიანობას, რომელიც საჭიროებს ეროვნული ბანკის ლიცენზიას.
ამასთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განმარტებით, სახელმწიფო ბანკი ორი სუბიექტის, საქართველოს განვითარების ფონდისა და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ გაერთიანების შედეგად შეიქმნება. კობახიძის თქმითვე, ეს არ იქნება კლასიკური ბანკი, თუმცა ბანკის მსგავსი ფუნქციებით აღიჭურვება.

















