პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა რეგლამენტში მომზადებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.

რეგლამენტის პროექტს მხარი დაუჭირა 89 დეპუტატმა, წინააღმდეგი არ ცერთი იყო.

ახალი რეგულაციები 2020 წლის მოწვევის პარლამენტს შეეხება.

პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილებით, პარლამენტის თავმჯდომარეს ხუთი მოადგილე ეყოლება.

პირველი მოადგილე აირჩევა პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით; ორი მოადგილე პარლამენტის იმ წევრთა უმრავლესობის წარდგინებით, რომლებიც განეკუთვნებიან საპარლამენტო უმრავლესობას.

ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის თითო მოადგილე აირჩევა საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი იმ ორი ფრაქციის წარდგინებით, რომლებშიც ოპოზიციაში შემავალ სხვა ფრაქციებზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული.

თუ შესაბამისი ფრაქციები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატს არ წარადგენენ, კანდიდატის წარდგენის უფლება თანმიმდევრობით მიენიჭებათ საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ იმ ფრაქციებს, რომლებშიც სხვა ფრაქციებზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, ახლებურად ყალიბდება ფრაქციები. კერძოდ, ფრაქციის შექმნის უფლება არანაკლებ პარლამენტის შვიდ წევრს ექნება.

ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს კი უფლება არ ექნებათ, შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია.

ასევე ცვლილებებით, უქმდება საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი და იარსებებს საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო ოპოზიცია.

ამასთან, ახლებურად ყალიბდება პოლიტიკურ დებატებში გამოსვლის დრო. კერძოდ, პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისთვის ფრაქციას ეძლევა იმდენი წუთი, პარლამენტის რამდენი წევრიც არის მასში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 15 და არაუმეტეს 75 წუთი, ხოლო თითოეულ უფრაქციო პარლამენტის წევრს – 3 წუთი.

banner
წინა სტატიაშიგუგული მაღრაძე – სულ მიკვირს, რატომ ლაპარაკობენ კაცები ქალების სახელით
შემდეგი სტატიაპარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამი ახალი წევრი დაამტკიცა