პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და, 89 ხმით 0-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა “”რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტს.
კანონპროექტი ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში ბუნების ხუთი ძეგლის შექმნას ითვალისწინებს.
საკითხი განსახილველად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა. მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტში გამარტივდა და დაზუსტდა დებულებათა ნაწილი.
ცნობისთვის, მთავრობამ პარლამენტს “რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების კანონპროექტი განსახილველად გასული წლის ბოლოს წარუდგინა.
საკანონმდებლო ინიციატივის მიღება განპირობებულია რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნის/გაფართოების შესაძლებლობის კვლევით მიღებული შედეგებით, რომელიც მთავრობის ინფორმაციით 2024 წელს საერთაშორისო პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
კანონპროექტი ითვალისწინებს რაჭის დაცული ტერიტორიების სისტემის გაფართოებას, მათ შორის:
რაჭის ეროვნული პარკის გაფართოება – ფართობი იზრდება 4,759 ჰექტარით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის შექმნა – ფართობი განისაზღვრება 50,240.4 ჰექტარით ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.
კარსტული მღვიმეებისთის ბუნების ძეგლის სტატუსის მინიჭება – დაარსდება საკიშორის, შარეულას, უშოლთის, მურადის და კიდობანას მღვიმეების ბუნების ძეგლები, რომლებიც განლაგებულია ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში.


















