პარლამენტმა პრეზიდენტის არჩევნების თარიღად 14 დეკემბერი დაასახელა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტს მიმართავს წინადადებით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართოს. აღნიშნულის შესახებ პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პარლამენტი პრეზიდენტის არჩევის თარიღს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.

პაპუაშვილის ინფორმაციით, ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს შედგება.

„დღეს სასესიო სხდომაზე ძირითადი განსახილველი საკითხი გვექნება პრეზიდენტის არჩევნების თარიღის ჩანიშვნა. როგორც იცით, საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლით საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა ხუთი წლის ვადით. ბოლო არჩევნები ჩატარდა 2018 წელს. გახსოვთ, რომ, გარდამავალი დებულებების შესაბამისად, იმ დროს პრეზიდენტი აირჩა ექვსი წლის ვადით, რათა ამ არჩევნების შედეგად დაკომპლექტებულ საარჩევნო კოლეგიას აერჩია 2024 წელს შემდეგი პრეზიდენტი. მოქმედ პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა გასდის 16 დეკემბერს. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როცა საპარლამენტო არჩევნები ემთხვევა პრეზიდენტის არჩევნებს ან არის წინა თვეს, ამ შემთხვევაში, მაქსიმუმ 45 დღეში უნდა ჩატარდეს არჩევნები. იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს პრეზიდენტის ხუთი წლის ვადით არჩევა, მნიშვნელოვანია, წელსვე ჩატარდეს როგორც არჩევნები, ისე ინაუგურაცია. სხვა შემთხვევაში, კვლავ არ შესრულდებოდა კონსტიტუციის დანაწესი ხუთწლიან ვადასთან დაკავშირებით და, ფაქტობრივად, ექვსი წლით არჩეული პრეზიდენტი გვეყოლებოდა. ამიტომ, შემოვდივარ წინადადებით, რომელიც ეხება პრეზიდენტის არჩევნების ჩანიშვნის თარიღს. შესაბამისად, ამას შევიტანთ დღის წესრიგში და გავა პლენარულ სხდომაზე. უკვე სესიის სხდომის ფარგლებში დავამტკიცებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ჩატარდეს 2024 წლის 14 დეკემბერს. შესაბამისად, მათ შორის ჩვენი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ინაუგურაცია ჩატარდება მესამე კვირა დღეს, ანუ 2024 წლის 29 დეკემბერს“, – განაცხადა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

პრეზიდენტის არჩევის ახალი წესის თანახმად, რომელიც კონსტიტუციით არის განსაზღვრული, პრეზიდენტი პირდაპირი წესით, ანუ საერთო-საყოველთაო არჩევნებით აღარ აირჩევა და პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება პარლამენტს ექნება.

კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით, დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით საარჩევნო კოლეგია აირჩევს. საარჩევნო კოლეგიას დაამტკიცებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. კოლეგია 300 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული, მათ შორის იქნებიან პარლამენტის 150-ვე წევრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 20 წევრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 წევრი და თვითმმართველობის წარმომადგენლები (109 წევრი) 2021-2022 წელს პარტიების მიერ მიღებული მხარდაჭერის პროპორციის შესაბამისად. ამასთან, პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს ექნება. საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეეძლება, მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც მიიღებს. კანდიდატი აღნიშნულ რაოდენობას თუ ვერ მოაგროვებს, გაიმართება მეორე კენჭისყრა, სადაც უბრალო უმრავლესობით მოხდება არჩევა. რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატის ასაკობრივ ცენზს, კონსტიტუციით, პრეზიდენტად შეიძლება არჩეული იყოს საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც ქვეყანაში 15 წელი ექნება ნაცხოვრები.

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტად 2018 წლის 28 ნოემბერს აირჩიეს, ინაუგურაცია კი 16 დეკემბერს გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიენმ საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით, ცესკოს ოფიციალურად დღეს მიმართავს
შემდეგი სტატიალევან მგალობლიშვილი რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა