პარლამენტმა პირველი მოსმენით “მოხალისეობის შესახებ” პროექტი მიიღო

პარლამენტმა პირველი მოსმენით – 73 მომხრე, 5 წინააღმდეგი “მოხალისეობის შესახებ” პროექტი მიიღო. აღნიშნული კანონპროექტი, რომლის ავტორი “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი”, ინიციატორი კი – იურიდიულ საკითხთა კომიტეტია, პარლამენტში გასულ წლის მარტში შევიდა. პროექტი დღეს პარლამენტს დეპუტატმა ანი მიროტაძემ წარუდგინა.
პროექტით მოხალისეობის ცნება, მოხალისეთა საქმიანობისა და ურთიერთობის განხორციელების პრინციპები და მოხალისეობითი საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტთა და მასპინძელ ორგანიზაციათა წრე განისაზღვრება. პროექტი ასევე მოხალისის და მასპინძელი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობებს, ურთიერთობისა და პასუხისმგებლობის საკითხებს განსაზღვრავს.
პროექტის მიხედვით, მოხალისეობა არის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში, ფიზიკური პირის მიერ საკუთარი ცოდნითა და უნარებით ნებაყოფლობით და უანგაროდ შესრულებული საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობა. თავის მხრივ, საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობად ითვლება დახმარების გაწევა იმ იურიდიული პირებისათვის, რომლებიც მოღვაწეობენ: ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის განვითარებაში, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, სიღარიბის დაძლევის და სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვის, ახალგაზრდობის და ბავშვთა საკითხების, გენდერული საკითხების, კონფლიქტების მოგვარების, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების, მიგრაციის, ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის, ფიზიკური აღზრდის, სამოყვარულო სპორტისა და ცხოველთა უფლებების დაცვის სფეროში. ამასთან, პროექტში აღნიშნულია, რომ ის არ ზღუდავს სხვა პირებს დამოუკიდებლად, ორგანიზაციული მოწესრიგების გარეშე განახორციელონ საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა.
პროექტის მიხედვით, მოხალისეების ასაკი 16 წლით არის განსაზღვრული, ხოლო 16 წლამდე ასაკის პირის მონაწილეობა მოხალისეობით ურთიერთობაში, მისი კანონიერი წარმომადგენლის, მეურვის თანხმობის გარეშე, აკრძალულია. მოხალისედ ყოფნის დროს პირს უმუშევრის სტატუსი უნარჩუნდება და უფლება აქვს იმ დახმარებებით და შეღავათებით ისარგებლოს, რაც უმუშევართათვის კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.
კანონპროექტს მასპინძელი ორგანიზაციის ცნება შემოაქვს, რომელიც ისეთ ორგანიზაციას გულისხმობს, რომელსაც მოხალისეთა შრომის გამოყენება შეუძლია.
პროექტის გათვალისწინებით, მასპინძელი ორგანიზაცია ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, მოხალისეს მოხალისეობისას გაწეული ხარჯები აუნაზღაუროს, მათ შორის: – საკონსულო მომსახურების, მგზავრობის, ბინის დაქირავების, კვების, კომუნიკაციისა და სადღეღამისო ხარჯები.

banner
წინა სტატიაშიჩქაროსნული გზის რუისი-აგარას მონაკვეთი გაიხსნა
შემდეგი სტატიაპარლამენტი სისტემური კორუფციის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე მსჯელობს