პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 78 ხმით, ერთხმად მიიღო „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი.
როგორც მომხსენებელმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ კახაძემ განმარტა, მოქმედ კანონში ცვლილების შეტანა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ კანონის #2 დანართში განსაზღვრულ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა გარკვეულ ნაწილს ზუსტად განსაზღვრული მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები არ გააჩნია და საჭირო გახდა ამ საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრა.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ზუსტად განისაზღვრება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული 6 ნივთიერების ოდენობები, ხოლო ერთ ნივთიერებაზე ახალი ოდენობები განისაზღვრება.
ეს ნივთიერებებია: გამა-ოქსიერბო მჟავა; დმტ (დიმეთილტრიფტამინი); ალფა-პვპ; ბენზილპიპერაზინი; მდპვ; მეფედრონი და აბ-პინაკა. კანონით მათი ოდენობების განსაზღვრისას, მხედველობაში იქნა მიღებული აღნიშნულ ნივთიერებათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საზიანო შედეგები.