25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

პარლამენტმა მიგრაციის წესების გამკაცრებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით (ერთხმად) დაამტკიცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ქვეყანაში მიგრაციული პროცესების კონტროლს საგრძნობლად ამკაცრებს. ცვლილებები რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს:

ახალი ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის: უცხოენოვან პროგრამებზე ჩასარიცხად სავალდებულო ხდება ენის საერთაშორისო სერტიფიკატის წარდგენა ან NAEC-ის გამოცდის ჩაბარება. სასწავლო ბინადრობის ნებართვა მხოლოდ ავტორიზებულ სასწავლებლებში სწავლისას გაიცემა და გაუქმდება, თუ სტუდენტი ვერ აკმაყოფილებს აკადემიურ მოთხოვნებს, არღვევს შრომით პირობებს ან ფაქტობრივად არ იმყოფება ქვეყანაში. წესების დარღვევისთვის სასწავლებლებს ჯარიმა ან სტუდენტების მიღების შეზღუდვა ემუქრებათ.

ფიქციური ქორწინების კრიმინალიზაცია: მოქალაქეობის ან ბინადრობის მისაღებად გაფორმებული ფიქციური ქორწინება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება. შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ქორწინების ნამდვილობას შეამოწმებს. სასჯელად განისაზღვრება საქართველოდან გაძევება (2-დან 10 წლამდე აკრძალვით), ჯარიმა, შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე.

მსჯავრდებულთა გაძევება: უცხოელ მსჯავრდებულებს სასჯელის მოუხდელი ნაწილი შესაძლოა შეეცვალოთ საქართველოდან გაძევებითა და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვით.

ახალი უფლებამოსილებები შსს-ს: უკანონო მიგრაციასთან საბრძოლველად, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის უფლება მიენიჭა. ამასთან, სასამართლოში მიგრაციულ საკითხებზე გადაწყვეტილებების გასაჩივრებისა და განხილვის ვადები საგრძნობლად შემცირდა.

banner
წინა სტატიაშითეონა აქუბარდია: ყველანაირი ნიშანწყალია იმისა, რომ ცხინვალის ფაქტობრივი ანექსია შემდგომ ეტაპზე გადავიდეს
შემდეგი სტატიაამინდი მკვეთრად უარესდება: სინოპტიკოსები ძლიერ ნალექს, სეტყვასა და 4-ბალიან შტორმს პროგნოზირებენ