პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) საერთაშორისო სამდივნოს საგაზაფხულო სხდომა გაიმართა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა საქართველოში მართლმადიდებლობის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასამბლეის ვიზიტი საქართველოში იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანა ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს.
„საქართველოსთვის მართლმადიდებლობა მხოლოდ სარწმუნოება არ არის – ის ეროვნული იდენტობის და ისტორიული უწყვეტობის საფუძველია. მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან დღემდე, ქართული მართლმადიდებლური ტრადიცია გადამწყვეტ როლს ასრულებდა ჩვენი ენის, კულტურისა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანას უმძიმესი ისტორიული განსაცდელების გავლა უხდებოდა. ის იყო ჩვენი ერთიანობის, გამძლეობისა და ზნეობრივი სიმტკიცის წყარო”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასამბლეის საქმიანობაზე და თანამედროვე სამყაროში ქრისტიანული ღირებულებების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„დღევანდელ სამყაროში, რომელსაც ახასიათებს სწრაფი ცვლილებები, გაურკვევლობები და დაყოფა, მართლმადიდებლური ქრისტიანული ღირებულებები ჩვენთვის მყარ ზნეობრივ ორიენტირად გვევლინება. ისინი გვახსენებენ ადამიანის ღირსების შეუვალობას, სოლიდარობის აუცილებლობას და რწმენის, თანაგრძნობისა და სამართლიანობის ძალას. ასამბლეა დიალოგისა და თანამშრომლობის უნიკალური პლატფორმაა. იგი გვაძლევს შესაძლებლობას გავამყაროთ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის, ერთად ვუპასუხოთ საერთო გამოწვევებს და დავამკვიდროთ ისეთი მსოფლიო ხედვა, სადაც რწმენა და გონება, ტრადიცია და თანამედროვეობა, ერთმანეთს ავსებს და არა ეწინააღმდეგებიან”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიესალმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური მდივანი მაქსიმოს ხარაკოპულოსი.
ასამბლეის სხდომაზე ორგანიზაციის მიერ ბოლო პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში განიხილეს. საუბარი შეეხო განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს. მონაწილეებმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 33-ე გენერალური ასამბლეის ორგანიზების საკითხებზე იმსჯელეს, რომელიც 2026 წლის 17–21 ივნისს ჰელსინკიში გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს 11 ქვეყნის – საქართველოს, სომხეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, კვიპროსის, ეგვიპტის, საბერძნეთის, უნგრეთის, იორდანიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, რუმინეთისა და სერბეთის წარმომადგენლებმა.














