პარლამენტმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
საკითხის განხილვა პლენარულ სხდომაზე გუშინ გაიმართა, კენჭისყრა კი დღეს შედგა. პაკეტს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა.
დეპუტატებმა ასევე, კენჭი უყარეს „საქართველოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე საქართველოს ორგანული კანონის პროექტს – „ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“. მის სასარგებლო ხმა ასევე 78-მა დეპუტატმა მისცა.
გუშინდელ განხილვაში მონაწილეობა ოპოზიციიდან მხოლოდ „გირჩმა“ მიიღო. ცვლილებები დეპუტატებს უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილი წარუდგინა, მანამდე კი პარლამენტის თავმჯდომარე და კონსტიტუციური ცვლილების საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კოლეგებს სახალხო განხილვის შედეგები გააცნო.