პარლამენტმა აზარტული თამაშების რეგულირების კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა დაიწყო

აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული კანონმდებლობა მკაცრდება.

ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დაჩქარებული წესით საკანონმდებლო პაკეტი განიხილეს, რომელიც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. შესაბამისი ცვლილებები რვა კანონში შედის.

საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ლევან მგალობლიშვილის, გელა სამხარაულის, გოჩა ენუქიძის, ბეჟან წაქაძის, ელგუჯა გოცირიძის და ირაკლი (დაჩი) ბერაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, პროექტთა თანმდევ პაკეტთან ერთად , პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დავით სონღულაშვილმა წარადგინა.

„კანონპროექტი ემსახურება კონკრეტულ მიზანს. ეს არის ორი მარტივი მოცემულობა. მაქსიმალურად შევზღუდოთ წვდომა და ინტერესის პროვოცირება“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

პროექტი აზარტული თამაშების მინიმალურ ასაკობრივ ცენზს 25 წლამდე ზრდის, ასევე საჯარო მოხელეებსა და სოციალურად დაუცველ პირებს თამაშის უფლებას უკრძალავს. ჯამში, ეს შეზღუდვა ერთ მილიონამდე მოქალაქეზე ვრცელდება.

პროექტის თანახმად, კანონში აისახა თამაშობებზე დამოკიდებული პირისა და აკრძალული პირის ცნება. ასევე, დამოკიდებულ პირთა სიისა და აკრძალულ პირთა სიის განმარტება. განისაზღვრა დამოკიდებული პირთა სიაში მონაცემების შეტანის წესები და ვადები.

ამავე პროექტით, ქართული საგადახდო ბარათებით უცხოური აზარტული და მომგებიანი თამაშობების მიზნით ონლაინგადახდები იკრძალება. პროექტით, ყველა საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, მათ შორის, კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეკრძალებათ, ურთიერთობა დაამყარონ უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან, მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი პუნქტების გაჩენას, რაც კანონის მოთხოვნების დარღვევასთან იქნება დაკავშირებული. ასევე, ცვლილებები შედის რეკლამის შესახებ კანონში, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის კანონსა და სხვა კანონებში.

აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება – შემოდის ახალი სახის ჯარიმები, კანონით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა კი, იზრდება.

საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

banner
წინა სტატიაშიდეკემბერში, სავარაუდოდ, “ომიკრონი” აქაც დაფიქსირდება – ივანე ჩხაიძე
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 53 პაციენტი გარდაიცვალა