პარლამენტმა 2021 წლის საქმიანობის შესახებ ორი საპარლამენტო კომიტეტის ანგარიში მოისმინა

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 2021 წლის საქმიანობის შესახებ კულტურის კომიტეტისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ანგარიშები მოისმინა.

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის განცხადებით, კულტურის კომიტეტმა, როგორც ცალკე კომიტეტმა, ფუნქციონირება 2021 წლის 18 მარტს დაიწყო.

მისი თქმით, კომიტეტი ამზადებდა და იხილავდა კულტურის სფეროსთან დაკავშირებულ კანონპროექტებს, უზრუნველყოფდა პარლამენტში შემოსული წინადადებების დამუშავებას, ხელს უწყობდა კულტურის მოღვაწეთა ინტეგრაციას საერთაშორისო სივრცეში, ასევე უზრუნველყოფდა სფეროში პოლიტიკისა და რეფორმების განხილვის საკითხებში მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას.
„საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომიტეტის საქმიანობა ემსახურებოდა: კულტურის სფეროში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობას და სამომავლო რეფორმების შემუშავებაში თანამონაწილეობას, კულტურულ ცხოვრებაში საზოგადოების ფართო ჩართულობას, ქართული კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაციას, კულტურულ და შემოქმედებით სფეროში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთა ინტეგრაციას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარ მონაწილეობას“, – აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ინიცირებული კანონპროექტებიდან და მიღებული კანონებიდან აღსანიშნავია, 2021 წლის 18 ნოემბერს კულტურის კომიტეტის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელოვნებო განათლების სწავლების უფლება უმაღლესი სახელოვნებო განათლების დამადასტურებელი დიპლომის მქონე პირებთან ერთად მიეცემათ პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულებსაც.
მისი თქმით, შექმნის დღიდან, კულტურის კომიტეტის პრიორიტეტად სახელოვნებო განათლების რეფორმა განისაზღვრა. კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კომიტეტი აქტიურად მუშაობს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში საკანონმდებლო ცვლილებების განსახორციელებლად.

ელისო ბოლქვაძემ, თავის გამოსვლაში, ასევე, ისაუბრა კომიტეტის მიერ საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობის კუთხით განხორციელებულ აქტივობებზე.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, 2021 წლის განმავლობაში, კომიტეტი აქტიურად მონაწილეობდა კანონშემოქმედებით და საზედამხედველო საქმიანობაში.

მისი თქმით, კომიტეტის საქმიანობა შეეხო შემდეგ სფეროებსა და საკითხებს: ენერგეტიკა, კონკურენცია, ვაჭრობა, ქვეყნის სივრცის დაგეგმარება, სატრანსპორტო პოლიტიკა, სახელმწიფო ქონება, ბიზნესის ხელშეწყობა, აზარტული თამაშობების რეგულაცია და სხვა.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა 182 კანონპროექტი, გამომდინარე კანონპროექტების ჩათვლით, რომელთაგან 35 კანონპროექტზე კომიტეტი იყო წამყვანი, ხოლო 147 კანონპროექტზე კომიტეტის დასკვნა სავალდებულო იყო.
„კომიტეტმა შეისწავლა საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის შემოსული 24 საერთაშორისო ხელშეკრულება, მათ შორის 2 საერთაშორისო ხელშეკრულებაზე კომიტეტი იყო წამყვანი. კომიტეტმა ასევე, განიხილა 7 საკანონმდებლო წინადადება და ერთი პეტიცია, ასევე, საზედამხედველო სფეროში შემავალი უწყებების ანგარიშები და ქვეყანაში არსებული პრობლემური საკითხების მდგომარეობა. აღნიშნულ პერიოდში გაიმართა 39 კომიტეტის სხდომა“, -აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა დაიწყო 6 თემატური მოკვლევა, რომლებიც ეხება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, მეწარმეობის განვითარებას, განახლებად ენერგიას, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, და ტურიზმს.

„მომზადდა „განახლებადი ენერგიის განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით“ და „მცირე და საშუალო ბიზნესის ძირითადი გამოწვევები და ხელშეწყობის მექანიზმები კრიზისულ და პოსტ კრიზისულ პერიოდში“ თემატური მოკვლევების დასკვნები და წარედგინა საქართველოს პარლამენტის ბიუროს“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

დავით სონღულაშვილის განცხადებით, კომიტეტის ინიციატივით და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართა 3 საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის პროექტი, მსუბუქი მრეწველობის სექტორის და გაზიარებული ინტელექტუალური სერვისების განვითარება.

„კომიტეტმა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით შეიმუშავა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა, კომიტეტის 2021-2024 წლების საკომუნიკაციო სტრატეგია და კომიტეტის 2021-2024 წლების სტრატეგია.
საანგარიშო პერიოდში, კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პარლამენტიდან უკრაინაში ორი დელეგაცია გაემგზავრება
შემდეგი სტატიამარინ ლე პენის პრესკონფერენციიდან ძალით გაიყვანეს ქალი, რომელმაც ლე პენისა და პუტინის გამოსახულებიანი პლაკატი გაშალა (ვიდეო)