პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილავენ

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტს დღეიდან ახალი თავმჯდომარე ეყოლება. სპიკერის პოსტზე კახა კუჭავას კანდიდატურას საპარლამენტო უმრავლესობა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე წარადგენს. უკვე ყოფილ თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს კი ვიცე-სპიკერად დღესვე დაამტკიცებენ.

თავმჯდომარისა და ვიცე-სპიკერის ასარჩევად 76-76 დეპუტატის ხმა არის საჭირო.

საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ არჩილ თალაკვაძის მიერ თანამდებობის დატოვება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იყო ნაკარნახევი. რაც შეეხება კახა კუჭავას კანდიდატურას, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი რატი იონათამიშვილის შეფასებით, კახა კუჭავა პროგრესული პოლიტიკოსია და დარწმუნებულია, რომ სპიკერის პოზიციაზე მისი მუშაობა ქვეყნისთვის ნაყოფიერი იქნება.

„კახა კუჭავა არის გამორჩეული როგორც პიროვნული, ასევე პროფესიული თვისებებით. ის ნამდვილად არის პროგრესული პოლიტიკოსი. ამიტომ ვფიქრობ, მისი მუშაობა უკვე პარლამენტის სპიკერის პოზიციაზე იქნება ძალიან ნაყოფიერი ჩვენი ქვეყნისთვის. ამ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ „ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, რომელიც ყოველთვის წინა პლანზე აყენებს სახელმწიფო ინტერესებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით მიღებული შეთანხმების თანახმად, დღეს საკანონმდებლო ორგანოში იმ პარტიების წარმომადგენლებს ელოდებიან, რომლებმაც შეთანხმებას ხელი მოაწერს. თუმცა, ექნება თუ არა პარლამენტის ახალ სპიკერსა და ვიცე-სპიკერს მათი მხარდაჭერა, ჯერ უცნობია. „გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი აცხადებს, რომ მისი პარტია კენჭისყრის დროს სავარაუდოდ თავს შეიკავებს.

„სესიაზე დასწრება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ აქ არა მარტო პარლამენტის თავმჯდომარის საკითხი წყდება, არამედ რურუას საკითხი, მელიას საკითხი. ზოგადად ეს არის ამ შეთანხმების აუცილებელი პირობა. რაც შეეხება უშუალოდ კუჭავას კანდიდატურას, ამ მომენტისთვის, რადგან არ ვიცნობთ კარგად, არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს, არც რაიმე ისეთი, რაც მოგვცემს საშუალებას, მხარი დავუჭიროთ, ამიტომ სავარაუდოდ თავს შევიკავებთ. თუმცა, იმედია ისეთი პარლამენტის თავმჯდომარე იქნება, რომელიც გაუმკლავდება ამ რთულ პარლამენტს, რომელშიც ალბათ ბევრი პოტენციურად კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნება“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის შეფასებით, კახა კუჭავას კანდიდატურის დაყენება „ქართული ოცნების“ მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო, ვინაიდან, იოსელიანის თქმით, კახა კუჭავა გამოირჩევა დაბალანსებული რიტორიკით და პოლიტიკურად ნეიტრალურია.

„აუცილებლად ვიქნები პლენარულ სხდომაზე, სადაც მოხდება პარლამენტის ახალი თავმჯდომარის დამტკიცება. დავუჭერ თუ არა მხარს, ამას წინასწარ ვერ გეტყვით. კახა კუჭავას რიტორიკა იყო ბევრად უფრო დაბალანსებული, პოლიტიკურად ნეიტრალური და ამ ნიშნით მისი შერჩევა, ჩემი აზრით, იმ პოლიტიკური პარტიის მხრიდან, ვინც ეს შეარჩია, იყო გამართლებული ნაბიჯი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეწყალების აქტს სავარაუდოდ დღეს გამოსცემს
შემდეგი სტატია„სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება