პარლამენტის თავმჯდომარის აშშ-ში ვიზიტისას კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა არის ძალიან მყარი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის აშშ-ში ვიზიტისას კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა არის ძალიან მყარი, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძის აშშ-ში ვიზიტის შეფასებისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა. მისი თქმით, ვიზიტი აშშ-ში არის უაღრესად წარმატებული გამომდინარე იქედან, თუ რა გზავნილები ჟღერდება ყველა შეხვედრაზე.

”უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ს მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა არის ძალიან მყარი. 2017 წელი იყო უპრეცედენტო საქართველო-აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების განმტკიცების კუთხით. ეს ვიზიტიც ემსახურება სწორედ იმ მიზანს, რომ მომავალ წლებშიც ჩვენი ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გამყარდეს”, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, კონგრესმენებთან, სენატორებთან, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე და საჯარო გამოსვლებში ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გაჟღერდა.

”აშშ კვლავ განაგრძნობს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. აშშ იქნება ჩვენი ურყევი მხარდამჭერი იმ გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც ჩვენ გვაქვს რეგიონში იმ გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, რომელიც შექმნილია ჩვენს გარშემო. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აშშ უაღრესად მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოში განხორციელებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და დემოკრატიულ რეფორმებს. აღინიშნა, რომ საქართველო არის ერთგვარი მოდელი რეგიონში და სამაგალითო ქვეყანა, რომელიც აჩვენებს უაღრესად მნიშვნელოვან პროგრესს ყველა მიმართულებით. საქართველოს აქვს პრაქტიკული მხარდაჭერაც აშშ-ს საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან, რაც გამოიხატა მნიშვნელოვან რეზოლუციებში, რომელიც მიიღეს გასულ წელს. ეს ვიზიტი იყო უაღრესად წარმატებული და ჩვენ ველით, რომ მიმდინარე წელსაც საქართველო-აშშ-ს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გამყარდება და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან შეუქცევადი მხარდაჭერა გვექნება”, – განაცხადა ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშიასეთი დამოკიდებულების შემდეგ, მუხთარლის ბედი საერთოდ აღარ მაინტერესებს – ის ჩვენ ქვეყანას და ხელისუფლებას უღირსად მოექცა
შემდეგი სტატიავარკეთილში ცეცხლსასროლი იარაღიდან ახალგაზრდა დაჭრეს