პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა ხედვა, რომ ვიწრო დელეგაცია გაეკეთებინა, ჩვენ ავუხსენით, რომ ეს ასეთი შემთხვევა არ არის – დავით უსუფაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა ხედვა, რომ როგორც ზოგადად, სხვა დროს ესპანეთსა თუ სომხეთში მიემგზავრება, ამ ტიპის ვიწრო დელეგაცია გაეკეთებინა, ჩვენ ავუხსენით, რომ ეს ასეთი შემთხვევა არ არის – უკრაინაში სწორედ ერთიანობა და ქართველი ხალხის წარმომადგენლობაა საჭირო, – ამის შესახებ “ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა კონსულტაციების დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია უკრაინაში პარლამენტის თავმჯდომარის ჩასვლა და მაღალი დონის ვიზიტის განხორციელება.

ამასთან, უსუფაშვილის ინფორმაციით, ძალაში რჩება ოპოზიციის გეგმა უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაციით გამგზავრების შესახებ და საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში მოგვიანებით ჩავა.

“ძალიან კარგია, რომ “ქართულმა ოცნებამ“ წარმატებით გადალახა მის მიერვე შექმნილი პრობლემა – პარლამენტის თავმჯდომარე უახლოეს დღეებში გაემგზავრება კიევში. ძალიან ბევრი საკითხი და პრობლემა, რომელიც ორ ქვეყანას შორის მთავრობის წარმომადგენლებისა და უმრავლესობის გამოისობით გაჩნდა, მოგვარდება.

ეს არის შედეგი იმ ძალიან დიდი მცდელობისა, რაც ოპოზიციას გვქონდა. როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ წასვლაზე უარი განაცხადა, ჩვენ ვთქვით, რომ იქ ყველანი ჩავიდოდით. ცხადია, ეს იყო სერიოზული წნეხი “ოცნებაზე“ და გახდნენ იძულებული, გასულიყვნენ კონტაქტზე. ის, რაც თვენახევრის წინ უნდა გაკეთებულიყო და საკითხები პირადი, პერსონალური კონტაქტებით მოეგვარებინათ, დღეს მოხდება. ეს არის კარგი ქვეყნისთვის – საქართველოსთვის და უკრაინისთვის“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჩემი შეთავაზება იყო, რომ უკრაინაში ვიზიტისას, ოპოზიცია და უმრავლესობა სამ-სამი წევრით ყოფილიყო წარმოდგენილი – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიასაბა ბუაძის განცხადებით, კახა კალაძე კონსტანტინე მორგოშიას ფინანსური სარგებლის მიღებაში ეხმარება