პარლამენტის თავმჯდომარემ შეურაცხოფა მიაყენა ვენეციის კომისიას

ძალიან მინდა გავიცნო ის „გენიოსი“, ვინც დაწერა ახალი მესიჯი, რომლითაც გვეუბნება ირაკლი კობახიძე და მისი ამფსონები, რომ გაითვალისწინებენ ვენეციის კომისიის მხოლოდ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც არ შეეწინააღმდეგება კონსტიტუციას,” – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ვენეციის კომისიის წევრების ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ შეურაცხოფა მიაყენა ვენეციის კომისიას, თითქოს მას შეუძლია საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამო დასკვნა დაწეროს.

“კობახიძემ პირდაპირ შეურაცხყოფა მიაყენა სამართლის 40-ზე მეტ ყველაზე გამორჩეულ ექსპერტს ევროსაბჭოს ქვეყნებიდან, რომლებიც არიან მივლენილნი ვენეციის კომისიაში, ანუ შეურაცხყოფა მიაყენა ვენეციის კომისიას, თითქოს მან შეიძლება დაწეროს დასკვნა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება. რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირ სილის გაწნა, შეიძლება ითქვას, ჩვენს რეგიონში ევროსაბჭოს ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ექსპერტული ორგანოსთვის. სინამდვილეში ეს მესიჯი არის ერთ-ერთი ბოლო გამოსავალი, რომელსაც იყენებს ირაკლი კობახიძე, რომ გაამართლოს საკუთარი დღის წესრიგი. ეს დღის წესრიგი არის ის, რომ ამოიღოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება მის და კლანის დღის წესრიგს. ამიტომ ხდება ამ გზავნილების გამოცემა, ამ გზავნილების გამოთქმა დღეს, თუმცა ამით რა თქმა უნდა, ზიანდება ჩვენი სახელმწიფოს რეპუტაცია, ვინაიდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უშვებს, რომ ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და ევროპული საერთაშორისო ორგანიზაცია შეიძლება გამოსცემდეს დასკვნებს, სადაც არ არის გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციის რამდენიმე მუხლი. ეს არის სრული აბსურდი,” – განაცხადა ანა დოლიძემ.

კითხვაზე, რატომ მიმართა საქართველოს ხელისუფლებამ თავის დროზე ვენეციის კომისიას, რათა გამოეთქვათ მოსაზრებები და რეკომენდაციები, ანა დოლიძემ აღნიშნა, რომ ეს მარტივი ტაქტიკური სვლა იყო.

“მარტივი ტაქტიკური სვლა ჩვენ ვნახეთ კონსტიტუციის ცვლილებების წერის პროცესში. მოგეხსენებათ, მაშინ დაიწყო ირაკლი კობახიძემ ამ ტაქტიკების გამოყენება. სწორედ მაშინ, მან გასცა დაპირება, რომ გამოიყენებს ვენეციის კომისიის მოსაზრებებს, თუმცა შერჩევითად გამოიყენა მხოლოდ ის მოსაზრებები, რომლებიც მის ხედვას შეესაბამებოდა. ამჯერადაც, კობახიძე ცდილობს, დაიჭიროს ერთდროულად 2 კურდღელი, ვითომ მიმართავს ძალიან ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციას, მაგრამ ამავე დროს წინასწარ გვეუბნება, რომ აპირებს გაითვალისწინოს მხოლოდ ის მოსაზრებები, რომლებიც შეესაბამება მისი და მისი ამფსონების დღის წესრიგს. ამჯერად ეს ტაქტიკური სვლა ჩვენთვის ნაცნობია და მას ეს აღარ გამოუვა,” – განაცხადა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშინაზი ჯანეზაშვილი არ გამორიცხავს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე გახდეს
შემდეგი სტატიაადგილობრივი არჩევნები თურქეთში – ერდოღანის პარტია პოზიციებს კარგავს