პარლამენტის თავმჯდომარემ აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ სახელმწიფო მონაწილეობდა იმ უმსგავსობის ორგანიზებაში – სამადაშვილი ლიეჟში მომხდარ დაპირისპირებაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას, სადაც ირაკლი კობახიძემ ლიეჟში მომხდარი დაპირისპირების შეფასებისას თქვა, რომ “ხელისუფლება დაეხმარება საზოგადოებას, როგორც კი “ნაციონალური მოძრაობა” თავს წამოყოფს”, ოპოზიცია ეხმაურება.

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები ამბობენ, რომ მმართველ გუნდს სააკაშვილისა და მთავარი ოპოზიციური ძალის ეშინია, მათი განცხადებით ეს შიში შიდა პარტიული არეულობის შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდა.

„რაც ვიხილეთ ლიეჟში, ეს ჩემი აზრით იყო, ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელი ჩვენს უახლეს ისტორიაში. დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა და აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ, სახელმწიფო მონაწილეობდა იმ უმსგავსობის ორგანიზებაში,რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, როდესაც ჩასული ზონდერ ჯგუფები ხელს უშლიდნენ საკუთარი ქვეყნიდან ლუკმა-პურის საშოვნელად უცხოეთში გადახვეწილ ჩვენს მოქალაქეებს,რომ შეკრებილიყვნენ და საკუთარი აზრით დაეფიქსირებინათ,”-აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ზონდერჯგუფები ლიეჟში სავარაუდოდ, ბიუჯეტის ფულით დესანტივით გადასხა. ყველა დეტალი ადასტურებს, რომ ეს არ იყო თავისუფალი ადამიანების კონტრაქცია, რომელიც სპონტანურად დაიგეგმა.

“ეს არ იყო სპონტანური თავისუფალი ადამიანების ან მოქალაქეების საქციელი ეს იყო ხელისუფლების ორგანიზებული ზონდერ ჯგუფები. სრულიად გაუგებარია ის ისტერიკა, რომლითაც ხელისუფლება შეხვდა შეხვედრას,რომელიც გუშინ გაიმართა ლიეჟში. ეს აჩვენებს ერთადერთ რამეს, ხელისუფლებას არასოდეს უგრძვნია საკუთარი თავი ისე სუსტად, როგორც გრძნობს დღეს, ხელისუფლებამ იცის, რომ განწირულია საპარლამენტო არჩევნებზე განწირულია ხელისუფლების დასაკარგად,”-ამბობს სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაში“თუკი დარღვევა იყო, ეს არის ბელგიის სამართალდამცველთა კომპეტენცია” – ომბუდსმენი ლიეჟში მომხდარ დაპირისპირებაზე
შემდეგი სტატიამოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესის შეჩერების ინიციატივა – ჭიჭინაძე “ქართულ ოცნებაში” მორიგ დაპირისპირებას არ გამორიცხავს