პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა “გირჩის“ პოლიტიკურ ჯგუფად რეგისტრაციის გადაწყვეტილება მიიღო

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა “გირჩის“ პოლიტიკურ ჯგუფად რეგისტრაციის გადაწყვეტილება მიიღო. პოლიტიკურ ჯგუფ “გირჩის“ შექმნას, რომელსაც დეპუტატი იაგო ხვიჩია უხელმძღვანელებს, კომიტეტის წევრებმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირეს.

აღნიშნული საკითხი საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა გუშინდელ სხდომაზე განიხილა, თუმცა “გირჩის“ რეგისტრაციაზე თანხმობისაგან თავი შეიკავა და “პოზიციების შეჯერების“ მიზნით, გადაწყვეტილების მიღება გადადო.

მიზეზი პარლამენტის რეგლამენტის ჩანაწერია, რომლის მიხედვით, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ პოლიტიკური ჯგუფი შექმნან, თუკი იმავე პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს ფრაქცია აქვთ შექმნილი. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გუშინ გამართულ სხდომაზე განმარტა, პოლიტიკური ჯგუფ “გირჩის“ რეგისტრაციის მხრივ პრობლემას რეგლამენტის სწორედ ეს ჩანაწერი ქმნის, რადგან აღნიშნული პარტიის საარჩევნო სიით გასულია ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელიც უკვე სხვა ფრაქციაშია გაწევრიანებული.

დღევანდელ სხდომაზე ქადაგიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბარიერგადალახულ პოლიტიკურ სუბიექტებს საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. მისი თქმით, პოლიტიკური ჯგუფების შექმნის იდეა და რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებები სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ამავე კონტექსტში კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ “ნორმის წაკითხვაც ისე უნდა შეგვეძლოს, რა მიზნითაც რეგლამენტში ცვლილებები შევიდა“.

განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა კომიტეტის კიდევ ერთმა წევრმა დავით უსუფაშვილმა, რომელმაც კოლეგებს მიუთითა, რომ რეგლამენტში არსებული ჩანაწერის არასწორი ინტერპრეტაციით მოხდა.

“მესმის, ამ პოლიტიკური ამოცანის დასახვა. სამწუხაროდ, ამ ამოცანის შესრულების იურიდიულ თუ სარეგლამენტო ლაბირინთებში გარკვევის საუკეთესო გზა ვერ მოიძებნა. რეგლამენტში არსებული ჩანაწერის იმდაგვარად გაგება, რომ რეგლამენტში “წევრები“ წერია და მაგალითად, “ქართული ოცნებიდან“ უკვე გასულ 6 ადამიანს პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლება არ ექნება, კანონის სწორი ინტერპრეტაცია არ არის. ეს ინტერპრეტაცია გარდაუვლად მიგვიყვანს იქამდე, რომ თუკი რომელიმე დიდი პოლიტიკური ჯგუფიდან გამოყოფილ ხალხს პოლიტიკური ჯგუფის შექმნის სურვილი ექნება, არასწორი იქნება ვუთხრათ, რომ მათ ასეთი ჯგუფის შექმნის უფლება არა აქვთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე.

ე.წ.პოლიტიკური ჯგუფი სპეციალურად მეათე მოწვევის პარლამენტისთვის მოფიქრებული სტრუქტურული ერთეულია, რომელიც ზუსტად იმავე უფლებებითა და პრივილეგიებით სარგებლობს, რაც საპარლამენტო ფრაქციას გააჩნია.

თავდაპირველად, პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ არანაკლებ ოთხ დეპუტატს შეეძლო, თუმცა პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ბოლო ცვლილებით, პოლიტიკური ჯგუფის შექმნისთვის წევრთა მინიმალური რაოდენობა ორამდე შემცირდა.

პოლიტიკური ჯგუფი პარლამენტში უკვე შექმნეს “ევროპელმა სოციალისტებმა“ და “მოქალაქეებმა“.

banner
წინა სტატიაშიგანათლების სამინისტრო – სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების რაოდენობა 34%-ით შემცირდა
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – სამწუხაროდ, „ასტრაზენეკას“ მოწოდებასთან დაკავშირებით სერიოზული შეფერხებაა