პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო პროექტს განიხილავენ

პარლამენტმა 81 ხმით პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დღეს, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო პროექტსა და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელებენ.

საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, ევროპასთან ინტეგრაციის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა 15:00 საათზე დაიწყება.

მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, რომელიც მთავრობიდან პარლამენტში 30 ნოემბერს შევიდა, თან ერთვის – „საგადასახადო კოდექსში“, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების შესახებ“ კანონში, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა“ და „საბიუჯეტო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტები.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დაზღვევის დაფინანსება 100 მილიონი ლარით მცირდება და 500 ათასზე მეტი მოქალაქე საყოველთაო დაზღვევით ვეღარ ისარგებლებს.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძის განმარტებით, დაზღვევის არსებული სისტემის რეფორმირებაა საჭირო.

მისივე თქმით, საყოველთაო დაზღვევით მხოლოდ ის მოქალაქეები ისარგებლებენ, რომლებიც კერძო სადაზღვევო კომპანიებში არ არიან დაზღვეული.

„უნდა მოხდეს მკაფიო გამიჯვნა კერძო დაზღვევასა და საყოველთაო ჯანდაცვას შორის. ეს ავტომატურად არ გამოიწვევს იმას, რომ ყველა ადამიანი, რომელიც კერძოდ არის დაზღვეული, გადადის მხოლოდ კერძო დაზღვევის იმედზე“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მმართველ გუნდს სადაზღვევო სტრატეგიას უწუნებს „ნაციონალური მოძრაობა“.

„ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვა იმისთვის, რომ ყაირათიანად დაიხარჯოს ეს ფული, გადავიდოდა კერძო სადაზღვევოების ხელში, მაგრამ ამას არ აკეთებენ. შესაბამისად, გაგრძელდება ჯანდაცვის ფინანსების ფლანგვა ერთ მხარეზე და მეორე მხარეს ისინი, ვინც კერძო დაზღვევას ყიდულობს, გაუძვირდებათ პაკეტები. შესაბამისად, უფრო ნაკლები ადამიანი შეძლებს მათ ყიდვას და უფრო მეტი ადამიანი დააწვება სახელმწიფო ბიუჯეტს კისერზე“, – აცხადებს „ნაცმოძრაობის“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა 9 121.2 მლნ ლარს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშიგომი–საჩრეხე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
შემდეგი სტატია„კაცების დრო“ – საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს