პარლამენტის რეგლამენტში შესაძლოა, დეფინიცია „ოპოზიცია“ გაჩნდეს

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესაძლოა, დეფინიცია „ოპოზიცია“ გაჩნდეს. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და თავდაცვისა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.

სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ინიცირებულ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს“ პირველი მოსმენით განიხილავენ.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც კონსტიტუცია შევა ძალაში ტერმინი უმრავლესობა და უმცირესობა გაქრება.

„დაგვრჩება ფრაქციები. ფრაქციები შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი. შეიძლება იყოს ის ფრაქცია, რასაც ჩვენ ვუწოდებთ უმრავლესობას, ანუ ის ფრაქცია, რომელიც აკომპლექტებს მთავრობას და სხვა ფრაქციები, რომლებიც არ აკომპლექტებენ მთავრობას, შესაბამისად ისინი არიან ოპოზიცია. კონსტიტუცია ცნობს ტერმინ ოპოზიციას უმცირესობის ნაცვლად, გარკვეულწილად თანაბარ მდგომარეობაში აყენებს სხვადასხვა ოპოზიციურ ფრაქციებს და პარტიებს, რომლებიც არიან და იქნებიან წარმოდგენილი პარლამენტში. ვინაიდან პარლამენტის რეგლამენტში გვაქვს მთელი რიგი რეგულაციები, რომლებიც უკავშირდება უმრავლესობას, უმცირესობას ანუ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ფუნქციების გამიჯვნას, აუცილებელია შემოვიღოთ ტერმინი, რომელიც იდენტიფიკაციას მოახდენს, რა განსხვავებაა ერთ ფრაქციასა და მეორე ფრაქციას შორის. სწორედ ამ სიცხადის შემოტანის მიზნით, კონსტიტუციონალისტებთან კონსულტაციების შემდეგ, ჩამოვაყალიბეთ ტერმინი ამ ფორმით. თუმცა გარკვეული მოსაზრებებია ბევრი ორგანიზაციიდან. ვხვდებით, რომ ტერმინთან დაკავშირებით გარკვეული უხერხულობა იგრძნობა, ამიტომ მზად ვართ, საკითხზე ვიმსჯელოთ”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშილეღვის ნახარშით დამწვარი 23 წლის მამაკაცი ამ დრომდე დამწვრობის ცენტრში რჩება
შემდეგი სტატიათენგიზ ფხალაძე : პირველად, საქართველო – ნატო-ს ურთიერთობების ისტორიაში, სახელმწიფოს მეთაურთა მონაწილეობით უმაღლეს დონეზე შეხვედრა გაიმართება