საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „პარლამენტის რეგლამენტში“ შესატანი ცვლილებების პაკეტს პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით დაუჭირა მხარი. პროექტი, რომელიც საპარლამენტო ცხოვრების რამდენიმე მიმართულებას ცვლის, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.
პლენარულ სხდომებზე 15:00-დან 16:00 საათამდე სავალდებულო შესვენების წესი უქმდება. სხდომის თავმჯდომარე შესვენებას საჭიროებისამებრ გამოაცხადებს.
ინიციატორს ეძლევა უფლება, გაიწვიოს საკუთარი კანონპროექტი მესამე მოსმენით მიღებამდე (აქამდე ეს მხოლოდ პირველ მოსმენამდე იყო შესაძლებელი).
უქმდება სამეურვეო საბჭოს წევრების (მეურვეების) შემრჩევი სპეციალური საკონკურსო კომისია. წარმდგენი სუბიექტები კანდიდატებს თავისი შეხედულებით შეარჩევენ, მათ მოსმენასა და რეკომენდაციაზე კი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი იზრუნებს.
მთავრობის წევრების ინტერპელაციის წესით მოსმენის დღეებს (ოთხშაბათსა და ხუთშაბათს) სამშაბათიც დაემატა.
ზუსტდება, რომ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება მისი მიმართვის დასრულებისთანავე ამოიწურება, რის შემდეგაც პარლამენტს სხვა საკითხების განხილვის უფლება ექნება.
ცვლილებების პაკეტს უახლოეს დღეებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.















