პარლამენტის კულტურის კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტებზე იმსჯელა.
„ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” კანონპროექტი სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.
კანონპროექტის მიღების შედეგად, შეიქმნება ცივ-გომბორის ეროვნული პარკი 21 761 ჰა-ზე საგარეჯოს, გურჯაანის და თელავის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარში, ასევე სიღნაღის აღკვეთილი 554 ჰა-ზე და ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტი 17 562 ჰა-ზე.
მომხსენებლის თქმით, ცივ-გომბორის ეროვნული პარკის და სიღნაღის აღკვეთილის მართვა განხორციელდება სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, ხოლო ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის მართვას დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტი განახორციელებს.
ზურაბ ეზუგბაიას ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორია, ბუნებრივი ეკოსისტემების მრავალფეროვნებასთან ერთად, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სიმრავლითაც გამოირჩევა. მისივე თქმით, დაცული ტერიტორიების სისტემის შექმნა ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სათანადო დაცვას.















