პარლამენტის კომიტეტმა დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადების შესახებ ემზარ კვიციანის ინიციატივას მხარი დაუჭირა

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 12 აგვისტოს – დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადების საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.

კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრის, ემზარ კვიციანის მიერ წარდგენილი, “შრომის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი განიხილა, რომლის მიხედვით, უქმე დღეების ჩამონათვალს 12 აგვისტო – დიდგორობა ემატება.

ანალოგიური საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს ერთი წლის წინ უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფმაც წარუდგინა, თუმცა განხილვა დღემდე გაჩერებულია. არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზი თურქეთის საელჩოს თხოვნა გახდა.

კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვისას ყურადღება სწორედ “ქართული ოცნების“ დეპუტატთა პროექტზე გამახვილდა, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო და შემდგომ პროცესი აღარ გაგრძელდა.

როგორც ემზარ კვიციანმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, “საჭირო არ იყო მიკიბ-მოკიბვით იმაზე საუბარი, რომ კანონპროექტი თურქეთის ელჩმა გააჩერა“. პასუხად კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განმარტა, რომ პარლამენტში ინიცირებულმა პროექტმა გარკვეული დიპლომატიური უხერხულობა შექმნა, თუმცა აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს პროექტის გაჩერების ერთადერთი მიზეზი არ იყო. ჯაშის თქმით, ერთგვარი გაუგებრობა და დისკუსია ახალი უქმე დღის დაწესების საკითხმაც გამოიწვია.

მარიამ ჯაშმა “შრომის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარესთან და ბიუროს წევრებთან კონსულტაციების გამართვის საჭიროებას გაუსვა გაზი. კომიტეტის სხდომაზე ასევე ითქვა, რომ კანონპროექტის განხილვის პროცესში უნდა ჩაერთონ ისტორიკოსები.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – „მოყვანა, წარმოება, გადამუშავება და ა.შ. უნდა იყოს მკაცრად რეგულირებადი საქმიანობა“
შემდეგი სტატიაეს კომპანია ბოროტად სარგებლობდა და სპეკულირებდა იმით, რომ ადგილობრივი წარმოებაა