პარლამენტის კომიტეტების სხდომაზე ოკუპირებული აფხაზეთის განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს

აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე დღეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე იმსჯელეს.

აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დეპუტატებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ მანანა ქვაჩაკიამ გააცნო.

მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე კვლავ გრძელდება ქართული მოსახლეობის უფლებების შელახვა. ქვაჩაკიას განცხადებით, ამ მხრივ, უკიდურესად არის ვითარება გამწვავებული გალის რაიონში, რომელიც მუდამ იყო და დღესაც რჩება უპირატესად ქართულ რეგიონად.

“კონფლიქტის დასრულებიდან 20 წლის განმავლობაში ოკუპანტები და სეპარატისტები თანმიმდევრულად ეწევიან ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ ფიზიკური და კულტურული გენოციდის მიზანმიმართულ პოლიტიკას. გალის რაიონის მოსახლეობა აღნიშნული პოლიტიკის გავლენით ამჟამად განახევრებულია, და ეს მაშინ, როდესაც ის ომამდე უტოლდებოდა მთელ აფხაზეთში ეთნიკური აფხაზი ეროვნების ადამიანების რაოდენობას. რაიონს აკონტროლებენ რუსული საოკუპაციო ძალები. მოქალაქეები ელემენტარულ ადამიანურ უფლებებს არიან მოკლებულნი“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისი ინფორმაციით, ოკუპანტები და სეპარატისტები ცდილობენ დემოგრაფიული მდგომარეობის ძალადობრივ შეცვლას და იძულებით რუსიფიკაციას; შეიცვალა რაიონის ადმინისტრაციული საზღვრები, მოსახლეობის უმრავლესობა კანონგარეშე არის გამოცხადებული; ქართველებს ჩამოართვეს პირადობის დამადასტურებელი საბუთები.

მანანა ქვაჩაკიამ ოკუპირებული გალის რაიონის საგანმანათლებლო სისტემის მდგომარეობა მიმოიხილა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სწავლების ენისა და სტატუსის შესახებ ისაუბრა და დეპუტატებს მოსწავლეთა და მასწავლებელთა უფლებების დარღვევის ზოგადი სურათი და ფაქტები გააცნო. მან ასევე ისაუბრა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვით გამოწვეულ იძულებით გადაადგილებაზე ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებული ტერიტორიის სკოლებში სწავლების რუსულ სტანდარტზე გადაყვანის კონკრეტულ ღონისძიებებსა და ფაქტებზე.

“ომამდე, იქ არსებული ზოგადსაგანმანათლებლო 58 სკოლიდან, მხოლოდ ორი იყო რუსული, დანარჩენში სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. ამჟამად გალის რაიონში 31 სკოლაა, აქედან 20 ქართული სკოლა იძულებითი წესით რუსულ სწავლებაზეა გადაყვანილი, დანარჩენი 11 სკოლა გასული წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად გადაჰყავთ რუსულენოვან სწავლებაზე და ეს ხდება მაშინ, როდესაც რაიონში მოსწავლეთა კონტიგენტის 98%-ს ქართველები შეადგენენ“, – განაცხადა მანანა ქვაჩაკიამ.

მისი თქმით, ტყვარჩელის და ოჩამჩირის რაიონის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში 2008 წლიდან მთლიანად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება, ქართული სახელმძღვანელოების გამოყენება, საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის შესწავლა. მისივე ინფორმაციით, სასკოლო ატესტატებში მოსწავლეებს მშობლიურ ენად უწერენ არა ქართულს ან აფხაზურს, არამედ რუსულ ენას. დარღვეულია ქართველი მასწავლებლებისა და მოსწავლეების უფლება, ასწავლონ და ისწავლონ მშობლიურ ენაზე.

banner
წინა სტატიაშისამეგრელოს უშიშროების სამსახურში აფეთქების შედეგად გარდაცვლილ ზვიად ლაგვილავას საქმეზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატია“მოისროლე ბიძინა” – საქართველოს დიდ ქალაქებში აქციები იმართება