პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ქეთევან ციხელაშვილს დახურულ რეჟიმში უსმენენ

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს დახურულ რეჟიმში უსმენენ.

სხდომის დახურვის გადაწყვეტილება დეპუტატებმა ასევე დახურულ კენჭისყრაზე მიიღეს.

ამასთან, სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა მოითხოვა, რომ სხდომის დახურვამდე მინისტრს ღია რეჟიმში მიეწოდებინა ინფორმაცია სოფელ ატოცში განვითარებულ მოვლენებზე და ასევე იმაზე, თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს ამ მიმართულებით სახელმწიფო, რომ საკითხს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მეტი ყურადღება მიექცეს.

ამასთან, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ის მზად არის, დეპუტატებისა და საზოგადოების წინაშე ნებისმიერ რეჟიმში წარდგეს.

„აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ არის, კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ, ყველასთვის გასაგებად გავაკეთო განმარტება იმაზე, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება მორიგ პროვოკაციულ ნაბიჯთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეების განმავლობაში და ზუსტად რამდენიმე წუთის წინ საზოგადოების ყურადღებისთვის ძალიან დეტალურად ვისაუბრე ამაზე მედიასთან. არ მინდა, ვინმეს საფუძველი შეექმნას, რომ ამ თემით რამე სპეკულაციები მოვახდინოთ, პრინციპულად წინააღმდეგი ვარ ამის, ყველაფრის, რაც ეხება ზოგადად ასეთ სენსიტიურ საკითხს. თუ გნებავთ, შესავალ ნაწილში ამ საკითხსაც ვახსენებ და თუ თქვენ გადაწყვეტილებას მიიღებთ დახურვაზე, რამდენიმე წუთში შესავალი ნაწილის შემდეგ გადავალ პრეზენტაციაზე, რომელსაც ასეთ რეჟიმში მოგახსენებთ“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

უმრავლესობის წევრების განცხადებით, ინფორმაცია მნიშვნელოვან დეტალებს შეიცავს, რის გამოც სხდომა დაიხურა და კომენტარები მედიისთვის მისი დასრულების შემდეგ გაკეთდება.

banner
წინა სტატიაშიყაჩაღობის, ყაჩაღობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე თბილისში კრიმინალური დაჯგუფების ხუთი წევრი დააკავეს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია ბიზნესმენებს – ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, ამის გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია გვქონდეს ძალზე სწრაფი, ეფექტიანი კომუნიკაცია