პარლამენტის ბიუროს სოფო ქაცარავას უფლებამოსილების შეწყვეტის, ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლის დამტკიცებისა და ახალი ფრაქციის შექმნის საკითხები წარედგინება

საქართველოს პარლამენტში დღეს ბიუროს სხდომა გაიმართება. სავარაუდოდ სხდომა დღესაც პიკეტირების პარალელურად გაიმართება.

სხდომის დღის წესრიგში მმართველი გუნდის ყოფილი დეპუტატის, სოფო ქაცარავას უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხია. მან მანდატი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე კონსტიტუციური კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ დატოვა. საკანონმდებლო ორგანოში მისი ჩანაცვლება „ქართული ოცნების“ სიის მომდევნო წევრს, ბენედიქტ ქაშაკაშვილს შეუძლია. იმ შემთხვევაში, თუ ბენედიქტ ქაშაკაშვილი უარს იტყვის დეპუტატის მანდატზე, სიაში მომდევნო პაატა გოგოხიაა.

დღესვე კიდევ ერთი ადგილმონაცვლის საკითხი დადგება. კერძოდ, ბიურო თემურ გოცირიძის პარლამენტარის უფლებამოსილების ცნობის საკითხს დააყენებს. ის საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შეცვლის.

ბიუროს განსახილველად ასევე წარედგინება ახალი ფრაქციის დოკუმენტაცია, რომელსაც „ქართული ოცნებიდან“ წამოსული ექვსი დეპუტატი ქმნის და მისი ხელმძღვანელი განათლების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე მარიამ ჯაში იქნება.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და მმართველი გუნდი პარლამენტის ფუნქციონირების პარალიზების საშუალებას არავის მისცემს. თუმცა, მისივე თქმით, მშვიდობიანი აქცია კანონის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება.

„ჩვენ ჩვეულებრივად ვაგრძელებთ საპარლამენტო საქმიანობას, მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ, ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილს აქვს სურვილი, ქვეყნის მთავარი პოლიტიკური და საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება მოახდინოს. ჩვენ, რა თქმა უნდა, არავის მივცემთ საშუალებას, ამ ორგანოს მუშაობის პარალიზება მოხდეს. თუმცა, ჩვენ ერთის მხრივ ვუზრუნველყოფთ, რომ აქციები თუ მშვიდობიანია, ეს იქნას უზრუნველყოფილი, მაგრამ მეორე მხრივ, ვიძლევით გარანტიას, რომ უზრუნველვყოფთ ყველა შესაბამისი უწყების ფუნქციონირებას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.

banner
წინა სტატიაშითიბისი ბანკის საქმე – საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძის პროცესი გაიმართება
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანმა ლევილის ქართველთა სასაფლაო და ლევილის ქართველთა მამული მოინახულა