პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მმართველი გუნდისა და „ევროპული საქართველოს“ წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მმართველი გუნდისა და „ევროპული საქართველოს“ წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების საკითხის განხილვას.

ოპოზიციონერი დეპუტატების განსაკუთრებული კრიტიკა ეკა ბესელიას განცხადებას მოჰყვა, რა დროსაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პარლამენტი არ არის საგამოძიებო ორგანო და ამ საქმეზე პასუხი არა დეპუტატებმა, არამედ სასამართლომ უნდა გასცეს.

„პარლამენტი ვერ შეუთავსებს მართლმსაჯულების ფუნქციას. პოლიტიკურმა ორგანომ უნდა დაიჭიროს ხალხი და მათ უნდა გამოიტანონ განაჩენი? ძალიან უხერხულია, როდესაც ასეთი აღრევა ხდება. სააპელაციო სასამართლომ უნდა გააკეთოს და მან უნდა გასცეს პასუხია ამ საქმესთან დაკავშირებულ ყველა კითხვას. სასამართლოს სამართლიან ვერდიქტს ველოდებით. მათ უნდა თქვან, ვინ არის მკვლელი და ვინ არ არის“, – განაცხადა ბესელიამ.

ეკა ბესელიას ამ განცხადებას სიტყვიერად ელენე ხოშტარია გამოეხმაურა.

„რა აღრევებზე საუბრობთ. კაცი ისევ ქუჩაშია და მკვლელი არაა ციხეში, ერთი წელი გადის უკვე. ან რა სააპელაციო სასამართლოზე საუბრობთ, გაყალბებული საქმე რომ წავიდა. დიახ, პარლამენტს აქვს პასუხისმგებლობა, როდესაც გაყალბებულია საქმე, ამის საშუალება არ მივცეთ“, – განაცხადა ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიხარაგაულში, საქასრიის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
შემდეგი სტატია„გამოდი გოგაშვილო, არ გყოფნის ვაჟკაცობა? კაცობა არ გაქვს? აღიარე შენი დანაშაული…”