პარლამენტის ბიურო ფსიქო-თერაპიულ კაბინეტს დაემსგავსა – ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებთ, მაგრამ ისევ იმ ძველი რიტორიკის ტყვეობაში დარჩით

წააგეთ იმის გამო, რომ ქვეყანაში არის სიღარიბე, ძალადობა და უსამართლობა. თუ თქვენ ეს დღემდე ვერ გააცნობიერეთ, მაშინ ისე გაქრებით, ჩამოჭკნებით და გახმებით, როგორც გოგა ხაინდრავას მიერ ნაჩუქარი ვარდის თაიგული, რომელიც გუშინ მიართვა სალომე ზურაბიშვილს, – ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. გოცირიძემ მმართველი გუნდის წევრებს მიდგომისა ლექსიკის შეცვლისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, გუშინ არჩევნებზე მოსახლეობის 63%-მა მხარი დაუჭირა ოპოზიციურ პარტიებს, რაც გოცირიძის შეფასებით ნიშნავს იმას, რომ ნათელმა მხარებ ბნელზე გაიმარჯვა.

„წააგეთ იმის გამო, რომ ქვეყანაში არის სიღარიბე, ძალადობა და უსამართლობა. თუ თქვენ ეს დღემდე ვერ გააცნობიერეთ, მაშინ ისე გაქრებით, ჩამოჭკნებით და გახმებით, როგორც გოგა ხაინდრავას მიერ ნაჩუქარი ვარდის თაიგული, რომელიც გუშინ მიართვა სალომე ზურაბიშვილს. წყალში ჩადებაც დაგავიწყდათ იმ ზეიმის პერიოდში და ისე ჩამოჭკნა, როგორც „ქართული ოცნება“ არის სამარისკენ მიმავალი. ამიტომ, შეაფასეთ ობიექტურად თქვენი მმართველობის 6 წელიწადი, შეცვალეთ თქვენი მიდგომა, შეცვალეთ თქვენი ლექსიკა და ანგარიში გაუწიეთ იმას, რომ დღეს საზოგადოების უდიდესი ნაწილი განწყობილია თქვენს საწინააღმდეგოდ. ძალიან სამწუხაროა, რომ გუშინდელი არჩევნების შემდეგ ვერ გააკეთეთ სწორი დასკვნები, ვერ ისწავლეთ ჭკუა და დღეს ოდნავ შეცვლილი რიტორიკით იმეორებთ იმას, რასაც 1 კვირის წინ აქ ვისმენდით. თქვენ ფაშისტები უწოდეთ იმ პარტიებს, რომლებიც დღეს გამარჯვებულები არიან და რომელთაც მხარი დაუჭირა მოსახლეობის 63%-მა, ეს არის 1 200 000 ადამიანი. თქვენ 1 200 000 ადამიანი ფაშისტების მხარდამჭერებად გამოაცხადეთ ერთი თუ ორი კვირის წინ,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

გოცირიძის თქმით, ბიურო ფსიქო-თერაპიულ კაბინეტს დაემსგავსა, სადაც „ქართული ოცნების“ წევრები ერთმანეთს არჩევნების შედეგების გამო ამხნევებენ.

„დღეს ბიურომ შეიძინა ახალი ფუნქცია. დამესგავსა ფსიქო-თერაპიულ კაბინეტს. ამხნევებთ ერთმანეთს მარჯვენა და მარცხენა ფლანგიდან, ძალიან ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებთ, მაგრამ ისევ იმ ძველი რიტორიკის ტყვეობაში დარჩით, როდესაც ეს ქვეყანა თქვენს თვალში არის შავი და თეთრი, ბნელი და ნათელი. თუ ამ ლოგიკით ვიმსჯელებთ, დიახ დღეს ნათელმა მხარემ გაიმარჯვა სიბნელეზე, ძალადობაზე. სწორედ ბნელი მმართველობა დამარცხდა გუშინ. რაც შეეხება მეორე ტურს, აქვე გეტყვით, რომ არ გაბედოთ გაყალბება, თორემ ძალიან ცუდად დამთავრდება თქვენი გუნდის საქმე,“ – განაცხადა მან.

მისი თქმით, „მმართველი ძალა ინტელექტუალურად აბსოლუტურად ჩამორჩენილი გუნდია“.

„იცით, რატომ გაქციათ ხალხმა ზურგი? იმიტომ, რომ “ქართულ ოცნებას“ სიახლის და განვითარების არავითარი რესურსი არა აქვს – თქვენ ხართ ინტელექტუალურად აბსოლუტურად ჩამორჩენილი გუნდი.

გადახედეთ თქვენს მინისტრებს, საიდან მოვიდნენ, როგორ მოვიდნენ, ვის მოჰყავს?! ვინ აძლევს ბიძინა ივანიშვილს რჩევებს ან სად წყდება ქვეყნის ბედი?! ვერ გამოხვედით ილუზიებიდან და ამიტომ დამსახურებული შედეგი მიიღეთ! მოემზადეთ მეორე ტურისთვის და არ გაბედოთ არჩევნების გაყალბება“, – მიმართა რომან გოცირიძემ მმართველი უმრავლესობის წარმომადგენლებს.

28 ოქტომბრის საპრეზიდეტნო არჩევნების შედეგები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დისკუსიის მთავარი თემა იყო.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე „ევროპული საქართველოს“ შეთავაზებაზე – მზად ვართ ყველა ტიპის კოორდინაციისთვის
შემდეგი სტატიატყუილებით ცოტათი გახვედით ფონს, მეორე ადგილით გადახვედით მეორე ტურში, თუმცა, წინ არის მეორე ტური და მოდით, დაველოდოთ მეორე ტურს