პარლამენტის არჩევის წესი შინაარსობრივად აცდენილია სამართლიანი არჩევნების ძირითად ფუნდამენტურ პრინციპებს – მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, პარლამენტის არჩევის ახალი წესი სამართლიანი არჩევნების ძირითად ფუნდამენტურ პრინციპებს შინაარსობრივად არის აცდენილი და კონსენსუსი პირველ რიგში, ამ წესთან მიმართებაში უნდა იყოს მიღწეული:

”რა ნაწილებში უნდა იქნას მიღწეული კომპრომისი? – პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც მე ამ ახალ კონსტიტუციურ მოდელს ვუყურებ, ეს არის პარლამენტის არჩევის წესი – წესი, რომლის მიმართაც პოლიტიკურმა პარტიებმა გამოთქვეს სერიოზული შეშფოთება და წესი, რომელიც შინაარსობრივად არის, სამწუხაროდ, აცდენილი სამართლიანი არჩევნების ძირითად ფუნდამენტურ პრინციპებს: შენარჩუნებულია მაღალი 5 %-იანი ბარიერი, მაშინ როდესაც პოლიტიკურ პარტიებს მიაჩნიათ, რომ ბარიერი უნდა იქნას დაწეული. მაღალი 5 %-იანი ბარიერის პარალელურად პარტიებს ეკრძალებათ ბლოკების შექმნა. ამ შემთხვევაშიც პოლიტიკური პარტიები ამბობენ, რომ თუ ასეთ მაღალ პოლიტიკურ ბარიერს დაგვიწესებთ და არ მოგვცემთ შესაძლებლობას, რომ გავერთიანდეთ ერთმანეთთან, ჩვენ გაგვიჭირდება ამ ბარიერის გადალახვა. ეს მათი არგუმენტია, რომელიც მოსმენილი უნდა იქნას. მაგრამ ყველაზე უცნაური და რთული არის 5 %-ის ქვეშ რა პარტიებიც იქნება ანუ ხმები, რომლებიც არ გადავა პარლამენტში – ამ ხმების მითვისების სქემა შინაარსობრივად სრულიად გაუგებარი და გარკვეულწილად უსამართლოა. წარმოდგენილი ვარიანტით ეს გაუნაწილებელი ხმები ყველა მიდის მოგებულ პარტიასთან. შევხედოთ ამას ამომრჩევლის თვალით – მივედი მივეცი ხმა X პარტიას, ამ პარტიამ ვერ გადალახა 5 %-იანი ბარიერი, მაგრამ ჩემი ხმა მიდის საერთოდ სხვა პარტიის ჯიბეში. ეს ხომ მარტივი უსამართლობაა? – ამაზეა პოზიცია დაფიქსირებული, რომ მიუღებელია ეს არა მარტო პოლიტიკური პარტიებისთვის, არამედ საზოგადოებისთვის, ამომრჩევლისთვის. ამ უსამართლო სისტემის შეცვლაზე ვფიქრობ კიდევ უფრო მეტი დიალოგი უნდა იყოს ამომრჩევლებთანაც და პოლიტიკურ ძალებთანაც,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლეები რეორგანიზაციის დროს თანამდებობას არ დატოვებენ
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ყატარელ ინვესტორებს შეხვდა