პარლამენტის აპარატის უფროსმა წლის ბოლო ოფიციალური სამუშაო შეხვედრა ესტონეთის ელჩთან გამართა

????????????????????????????????????

პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ წლის ბოლო ოფიციალური სამუშაო შეხვედრა ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კაი კაარელსონთან გამართა.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. გივი მიქანაძემ სტუმარს საქართველოს პარლამენტის აპარატში მიმდინარე რეფორმების თაობაზე ინფორმაცია გაუზიარა. როგორც საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა შეხვედრის კომენტირებისას აღნიშნა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კვლევითი კომპონენტის კუთხით დაგეგმილ ღონისძიებებზე და იმ ახალ ფორმატზე, რომელიც პარლამენტის ახალი რეგლამენტით პირველ აპრილამდე უნდა ჩამოყალიბდეს.

„საუბარია საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – საქართველოს პარლამენტის კვლევით ცენტრზე. ამ მიმართულებას ხაზი გაესვა იმიტომ, რომ ესტონეთის პარლამენტის აპარატში შექმნილია სპეციალური ცენტრი – Foresight Centre, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევა. შემუშავებული აქვთ თანამედროვე, სპეციალური მეთოდოლოგია კვლევითი და ანალიტიკური კუთხით და ახდენენ 2030 წლისთვის ამჟამად მიღებული კანონმდებლობის გავლენის შეფასებას. ამ საკითხის მიმართ ჩვენი ინტერესი საკმაოდ დიდია“-განაცხადა პარლამენტის აპარატი უფროსმა.

გივი მიქანაძემ ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აცნობა, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატის ინიციატივით იწყება „3+1“ ფორმატის ფარგლებში თანამშრომლობა, რაც გულისხმობს საქართველოს პარლამენტის აპარატის ბალტიის სამი ქვეყნის პარლამენტების აპარატებთან თანამშრომლობას.

„ამასთან დაკავშირებით ვემზადებით ოფიციალური ვიზიტისთვის ბალტიის სამივე ქვეყანაში, რომელიც 14 იანვარს, სწორედ ესტონეთის პარლამენტში ვიზიტით დაიწყება“,-განაცხადა პარლამენტის აპარატი უფროსმა.

გივი მიქანაძემ კაი კაარელსონთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანია ესტონეთის პარლამენტის აპარატთან ორმხრივი ურთიერთობების დაწყება და განვითარება, ასევე Foresight Centre-ის გამოცდილების გაცნობა.

შეხვედრაზე პარლამენტის აპარატის უფროსმა აღმოსავლეთ პარტნიორობის პარლამენტების აპარატის უფროსთა ქსელზე ისაუბრა, რომლის თავმჯდომარეც ამჟამად საქართველოს პარლამენტის აპარატია.

„მნიშვნელოვანი იქნება განვავითაროთ გარკვეული ურთიერთობები ბალტიის სამი ქვეყნის პარლამენტების აპარატების ხელმძღვანელებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქსელის წევრი პარლამენტების აპარატის უფროსებს შორის სამომავლო თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით“,-განაცხადა გივი მიქანაძემ ესტონელ დიპლომატთან საუბრისას.

ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დადებითად შეაფასა საქართველოს პარლამენტის აპარატის ინიციატივა და ის შესაძლებლობები, რომლის განვითარებაც მოსალოდნელია ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატის ფარგლებში.

„როგორც ქალბატონმა კაი კაარელსონმა განაცხადა, მიმდინარე წლის დეკემბერში, საქართველო პარლამენტის თავმჯდომარის ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში, რომელიც ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა და ძალიან დადებითი შეფასება მიეცა, მას საუბარი ჰქონდა ესტონეთის პარლამენტის აპარატის უფროსთან და მათგან არის მოლოდინი ჩვენი ოფიციალური ვიზიტის ესტონეთში და მზაობა ორმხრივი თანამშრომლობის დაწყებისა და გაღრმავების კუთხით“,-განაცხადა პარლამენტის აპარატი უფროსმა.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, მხარეები შეთანხმდნენ პერიოდულად ინფორმაციის გაცვლის თაობაზე, ხოლო ესტონეთის ელჩმა, თავისი მხრივ, მზადყოფნა გამოთქვა მაქსიმალურად ხელი შეუწყობს ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადება
შემდეგი სტატია“სახრჩობელაზე დამკიდეს, რომ დიდხანს მექანავა”…- “ბახალას” საბოლოო სიტყვა – მოსამართლე სათათბროდ გავიდა