19.8 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

პარლამენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს

უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით პარტია „კონსერვატორები საქართველოსთვის“ მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი განიხილავს.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონსა და „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტში არანაკლებ 25 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერით შევიდა, განხილვის დაწყებისთვის საჭირო პროცედურები გაიარა და ბიუროს გადაწყვეტილებით, კომიტეტებს გადაეცა.

პროექტს პარლამენტში გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო, ირაკლი მარტინენკო და სერგო ხურციძე წარადგენენ.

რაც შეეხება ინიციატივის არსს, ის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონიდან ყველა იმ ნორმის ამოღებას ითვალისწინებს, რომელიც ეხება შრომითი ბინადრობის ნებართვას, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვას, უვადო ბინადრობის ნებართვას. პროექტი ასევე ითვალისწინებს კანონის იმ ჩანაწერის გაუქმებას, რომლის მიხედვით, საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

„საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ მიგრაციისა და მოქალაქეობის გაცემის არასათანადო კონტროლი ქვეყანაში დემოგრაფიულ უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ კრიზისს იწვევს. ქმედითი მექანიზმების დაწესება უკონტროლო მიგრაციის შესაკავებლად წარმოადგენს ქვეყნის სტრატეგიულ – ეგზისტენციალურ ამოცანას, ბინადრობისა და მოქალაქეობის მიღების უფლებებზე მაღალი სტანდარტებისა და ეფექტური კონტროლის იმპლემენტაცია მკვეთრად შეამცირებს საქართველოს სახელმწიფოსთვის ამჟამად და მომავალში არსებულ პოტენციურ რისკებს.

კანონპროექტის შედეგად შემცირდება მასიური მიგრაციის ტალღა, სამართალდამცავ სტრუქტურებს გაუმარტივდებათ ბრძოლა არალეგალურ მიგრაციასთან, შემცირდება წნეხი სახელმწიფო სოციალურ პროგრამებზე (როგორიცაა ჯანდაცვა, მუნიციპალური სერვისები, საგანმანათლებლო სფერო), შემცირდება სოციალურ ნიადაგზე დაძაბულობების და უთანხმოების ალბათობა, დაწესდება საქართველოს მოქალაქეობისა და ბინადრობის უფრო მაღალი სტანდარტი“, – აცხადებენ ინიციატორები პროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.

banner
წინა სტატიაშიმოჯთაბა ხამენეი: აშშ-ს სპარსეთის ყურის რეგიონში უსაფრთხო თავშესაფარი აღარ ექნება
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი: 35 წელია დამოუკიდებლად ქცევის ეკლიან გზას გავდივართ