პარლამენტი, სხდომაზე, ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს

პარლამენტი, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს.

უმრავლესობა ვეტოს დაძლევას აპირებს, რასაც მხარი უკვე დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა.

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი დაუბრუნა.

მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში პრეზიდენტი პარლამენტს ოფშორებთან დაკავშირებული ნორმების ამოღებას სთავაზობს. ამასთან, სრულად იზიარებს „საგადასახადო კოდექსში” განხორციელებული ცვლილებების იმ ნაწილს, რომელიც ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებებისგან და მასზე დარიცხული საურავებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

პრეზიდენტის შეფასებით, ოფშორებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების შემცველია. პრეზიდენტი “მიუღებელს” და “დაუშვებელს” უწოდებს კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების ფაქტს.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მიღებული კანონით არათანაბარი და დისკრიმინაციული გარემო იქმნება როგორც უცხოურ ინვესტორებთან მიმართებით, ასევე ადგილობრივი ინვესტორების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით, რადგან მათ მიმართ ახალი საშეღავათო რეჟიმი არ გავრცელდება.

როგორც ზურაბიშვილი მოტივირებულ შენიშვნებში აღნიშნავს, მნიშვნელოვანია არ შეილახოს საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო რეპუტაცია და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით კანონისთვის გვერდის ავლის რისკი არ შეიქმნას.

პრეზიდენტი აღნიშნავს იმასაც, რომ განხილვისას წარმოდგენილი არ იყო შესაბამისი ფინანსური დასაბუთება – თუნდაც ის, თუ რა ფინანსურ სარგებელს მოიტანს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები, რა რისკებს შეიცავს და რა ეკონომიკური ეფექტი ექნება მას.

პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომლის მიხედვით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.

პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს.

banner
წინა სტატიაშისხდომათა დარბაზში დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატიაჯინ შაჰინი – იმედგაცრუებულნი ვართ, თუმცა არა გაკვირვებული – “ქართველი ხალხის აქტი” უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას მათთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიას საფრთხეს უქმნის