პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვას იწყებს

პარლამენტმა 81 ხმით პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვას იწყებს.

გიორგი მარგველაშვილის მიერ პარლამენტში წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებს ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ. 13 ოქტომბერს კი დაგეგმილია პარლამენტის რიგგარეშე სხდომა.

პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტის არჩევის ე.წ. შერეული სისტემის დაუყოვნებლივ შეცვალასა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.

პროექტში ასევე ასახულია ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმება და გაუნაწილებელი მანდატების ყველა იმ პოლიტიკურ პარტიაზე პროპორციულად განაწილება, რომელიც ამომრჩეველთა ხმების 5%-ზე მეტს მიიღებს.

პრეზიდენტის ვეტოს ფარგლებში წარდგენილია წინადადება, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული მანდატები განაწილდეს როგორც პარტიებზე, ასევე საარჩევნო ბლოკებზე.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებით, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის ფორმა ნარჩუნდება. პროექტის მიხედვით, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის საკითხზე გადაწყვეტილება მას შემდეგ უნდა იყოს მიღებული, რაც ორპალატიანი პარლამენტი ამოქმედდება.

ვეტოს ფარგლებში კორექტირებულია რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების მომწესრიგებელი კონსტიტუციური ნორმა. პრეზიდენტის პროექტით, “ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით“.

ამავე პროექტით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ჩატარებული არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილებას არა სრული თანხმობით, არამედ სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიიღებს.

საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევისთვის ემზადება.

banner
წინა სტატიაში“ეს გუნდი ფოთზე იზრუნებს” – ბურჯანაძემ ფოთის მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
შემდეგი სტატიამომავალი წლის ბიუჯეტის კანონპროექტის მიხედვით, ეკონომიკური 5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი