პარლამენტი “რუსთავი 2”-ის საქმეზე მოსამართლეების აცილებას ითხოვს

პარლამენტმა 81 ხმით პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, „რუსთავი 2“–ის სარჩელთან დაკავშირებით, მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობით მიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„საქართველოს პარლამენტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად შუამდგომლობით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას მოსარჩელე „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ მიერ შეტანილი სარჩელების თაობაზე მიმდინარე დავის ფარგლებში ამ კოლეგიის თავმჯდომარის კონსტანტინე ვარძელაშვილისა და ამავე კოლეგიის წევრის მაია კოპალეიშვილის აცილებასთან დაკავშირებით.

საქართველოს პარლამენტი პატივს სცემს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოს და წარმოდგენილი შუამდგომლობით ეჭვქვეშ არ აყენებს სასამართლოს, როგორც კონსტიტუციური ორგანოს, დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას. შესაბამისად, შუამდგომლობაში გამოხატული პოზიციები აღქმული უნდა იქნეს მხოლოდ პარლამენტის, როგორც ზემოაღნიშნული დავის ფარგლებში მოპასუხე მხარის პოზიციები“, – ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს პარლამენტს მიაჩნია, რომ არსებობს გარემოებები, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული წევრების მიუკერძოებლობის მიმართ.

„ამის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება იყოს ის გარემოება, რომ მათ აკავშირებთ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ახლობლური ურთიერთობა მოსარჩელე მხარის – შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ ამჟამად დროებით უფლებამოსილებაშეჩერებულ გენერალურ დირექტორთან ბატონ ნიკა გვარამიასთან. მოსამართლე ვარძელაშვილის მეუღლე ქალბატონი ანა ჟვანია ბატონი ნიკა გვარამიას განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის დროს იყო მისი პირველი მოადგილე, ხოლო ქალბატონი

მაია კოპალეიშვილი ბატონი ნიკა გვარამიას მოადგილედ მუშაობდა მისი ჯერ იუსტიციის მინისტრის, ხოლო შემდგომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას. განსახილველი საქმისადმი მოსამართლეთა მიკერძოებული დამოკიდებულება, უკვე ნათლად გამოვლინდა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის მიღებისა და განხილვის ადრეულ სტადიებზე. კერძოდ: საკონსტიტუციო სასამართლოს იმავე ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მისი მოქმედების შეჩერების მოთხოვნით, რაც „რუსთავი 2–ის“ სარჩელში იყო მითითებული, „რუსთავი 2“-ის მიერ სარჩელის შეტანამდე მიმართეს სხვა მოსარჩელეებმა, რომელთან დაკავშირებითაც სასამართლომ ჩანიშნა განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით უკიდურესად შემჭიდროებულ ვადებში – 2 ნოემბერს დილით. ამავდროულად, პარლამენტს არ მიეცა შესაძლებლობა მიეღო რაიმე ინფორმაცია „რუსთავი 2–ის“ სარჩელის დარეგისტრირებისა და მისი განხილვის დროის თაობაზე. სხვა მოსარჩელეებმა, 2 ნოემბრის დილითვე უარი განაცხადეს სარჩელის განხილვაზე, რამაც გამოიწვია ზეპირი მოსმენის სხდომის გაუქმება. მხოლოდ ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმავე დილით, ზეპირი მოსმენის გამართვის გარეშე, სასამართლო გამოაქვეყნებდა გადაწყვეტილებას „რუსთავი 2-ის“ მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და სადავო ნორმის დროებით შეჩერების შესახებ.

ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ სარჩელის მიღების, დარეგისტრირების და შემდგომი მსვლელობის პროცესი შეგნებულად და წინასწარგამიზნულად იყო გაუმჭვირვალე, რათა სასამართლოს სწორედ 2 ნოემბერს მიეღო „რუსთავი 2-ის“ ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება, ოღონდ ისე, რომ არ განეხილა მისი საქმე და სასურველი გადაწყვეტილება მიღებული ყოფილიყო სხვა მოსარჩელეების საქმესთან დაკავშირებით, ვიდრე 2 ნოემბერს დილით არ წარმოიშვა ახალი გარემოებები – იმავე საკითხზე სხვა მოსარჩელეების მიერ შეტანილი სარჩელების უკან გათხოვა, დაგეგმილი სხდომის ვერჩატარება და „რუსთავი 2-ისთვის“ სასარგებლო გადაწყვეტილების სხვა საქმეზე ვერ მიღება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ შეტანილ იმ კონსტიტუციურ სარჩელებზე, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო სულ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შუამდგომლობა დაყენებული იყო 19 კონსტიტუციურ სარჩელზე, რომელთაგან დაკმაყოფილდა მხოლოდ სამი, ამათაგან ორზე გაიმართა ზეპირი მოსმენა და მხოლოდ ერთი, „რუსთავი 2-ის“ სარჩელი, იქნა განხილული ზეპირი მოსმენის გარეშე.
საკონსტიტუციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე, საერთო სასამართლოებში საქმეების განხილვასთან დაკავშირებული საკუთარი განმარტებების იგნორირებით მიმართა მის მიერ არაერთ გადაწყვეტილებაში დაგმობილ „საიდუმლო მართლმსაჯულებას“ და სადავო ნორმის მოქმედება შეაჩერა ზეპირი მოსმენის გარეშე, რა დროსაც მან გაითვალისწინა მხოლოდ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული მოსაზრებები და შესაძლებლობა არ მისცა მოპასუხე მხარეს, დაესაბუთებინა საპირისპირო.

„რუსთავი 2“–ის სარჩელზე მიღებული საოქმო ჩანაწერის სამოტივაციო ნაწილში საერთოდ არ არის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა საფრთხეს შეიცავს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება მესამე პირებისთვის. მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ნორმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა შეაფასოს ნორმის შეჩერებით გამოწვეული სხვათა უფლებების დარღვევის საფრთხეც“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აღნიშნულ გარემოებათა გამო საქართველოს პარლამენტმა მიიჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის თავმჯდომარე კონსტანტინე ვარძელაშვილი და ამავე კოლეგიის წევრი მაია კოპალეიშვილი შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ისა“ და შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ მიმართ მიკერძოებულად და არაობიექტურად მოქმედებენ და მოსალოდნელია მათი მიკერძოებული მიდგომა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისასაც.

„შესაბამისად, საქართველოს პარლამენტმა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით ისარგებლა და საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას „რუსთავი 2“–ის სარჩელთან დაკავშირებით მოსამართლეთა აცილების მოთხოვნით მიმართა“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშირამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია “რუსთავი 2”-ის ოფისთან მორიგეობას აწესებს
შემდეგი სტატია“ხელებშეკრული ვიყავი, სახის დაცვის საშუალებაც არ მქონდა და მირტყამდნენ”