პარლამენტი მუშაობს, რათა შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და კერძო სექტორმა შეძლოს მეტი შედეგის მიღება – არჩილ თალაკვაძე

მოგების დაბეგვრასთან დაკავშირებული საგადასახადო რეფორმა, ე.წ. ესტონური მოდელის შემოღება, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა იყო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომელიც დღეს მოგების გადასახადის რეფორმის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებით გამართულ პრეზენტაციას ესწრებოდა.

მისი თქმით, დღეს წარდგენილი იქნა შუალედური შეფასება, რა შედეგი და გავლენა იქონია ამ კანონმდებლობამ ბიზნესსექტორის განვითარებაზე.

„კვლევაში ჩანს, რომ გაიზარდა რეინვესტირება, რაც პირდაპირ უკავშირდება სამუშაო ადგილების შექმნას. ჩანს, რომ კომპანიებს დარჩათ მეტი რესურსი, რათა გაეფართოებინათ საკუთარი შესაძლებლობები და გაეკეთებინათ კიდევ უფრო გრძელვადიანი გეგმები ბიზნესის განვითარებისთვის. სხვა საინტერესო მონაცემებიც არის კვლევაში, რასაც გავითვალისწინებთ შემდგომ საკანონმდებლო პროცესში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, მის მიერ პარლამენტის საშემოდგომო სესიისთვის წარდგენილი 10 მთავარი სამუშაო საკითხიდან, 10 გამოწვევიდან ერთ-ერთი სწორედ ბიზნესის მხარდაჭერას ეხება.

„პარლამენტი მუშაობს, რომ კიდევ უფრო გააუმჯობესოს საკანონმდებლო ჩარჩო, რათა შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი, კერძო სექტორმა შეძლოს მეტი შედეგის მიღება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ინიციატივით, რეტროსპექტიული რეგულირების ზეგავლენის შეფასება (ex-post RIA) მომზადდა, რომლის პრეზენტაცია დღეს „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა. შეფასებაში მოგების გადასახადის რეფორმის შედეგებია შეჯამებული.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა მზად არის ილია ჯიშკარიანის საქმეზე მასალები ომბუდსმენს გადასცეს – უწყების განცხადება
შემდეგი სტატიასაქართველო არ არის დამნაშავეების თავშესაფარი – წულუკიანი რუს ჰაკერზე