პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას დღეს კენჭს უყრის

საქართველოს პარლამენტი დღეს მთავრობის ახალ შემადგენლობას კენჭს უყრის. სესიამდე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი და მინისტრობის კანდიდატები ფრაქციის ფორმატში „ქართულ ოცნებას“ შეხვდებიან. ოპოზიციის წარმომადგენლებმა უარი თქვეს ფრაქციის ფორმატში მთავრობის ახალ შემადგენლობასთან შეხვედრაზე. საპარლამენტო უმცირესობის თქმით, შეკითხვებს სესიაზე დასვამენ.

მანამდე, საკანონმდებლო ორგანომ მინისტრობის კანდიდატებს ორი დღის განმავლობაში, დაჩქარებული წესით მოუსმინა. გუშინ დეპუტატების წინაშე ექვსი კანდიდატი წარსდგა, მათ შორის, ძალოვანი უწყებების პირველი პირები. პროგრამის გასაცნობად კანდიდატებს 20-20 წუთი ჰქონდათ, შემდეგ იყო კითხვა-პასუხის რეჟიმი.

„წინა ორი დღე, შაბათი და კვირა გამოყენებული იქნა კომიტეტების მიერ მინისტრობის კანდიდატების და სამთავრობო პროგრამის განსახილველად. ბლოკების მიხედვით იყო დაჯგუფებული სამინისტროები და შესაბამისი კომიტეტები. დასრულდა ეს მოსმენები კომიტეტებში, კომიტეტებისგან მიღებული იქნა დადებითი თანხმობები, ხოლო დღეს დილიდან გაიმართება უკვე ფრაქციის შეხვედრა პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებთან. ამის შემდეგ ბიუროზე მოხდება ამ კომიტეტის გადაწყვეტილებების ინიცირება და უკვე სესიაზე, რომელიც დღესვე გაიმართება, დადგება პრემიერ-მინისტრისთვის და სამთავრობო გეგმისთვის მხარდაჭერის საკითხი. მოგეხსენებათ, რომ უმრავლესობა მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და მთავრობის პროგრამას. ფაქტობრივად ეს პროგრამა გარკვეულწილად იმ ძირითადი ხაზის გაგრძელებაა, რაც სულ რაღაც სამი თვის წინ იქნა მიღებული და დამტკიცებული. მთავარი მიმართულებაა ევროპული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობა და განაცხადის გაკეთება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით არის ამ პროგრამის მთავარი სულისკვეთება. გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა ახალ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს აქვს თავისი გარკვეული ხედვები, მაგრამ ძირითადი ხაზი არის უცვლელი”, -განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

სამთავრობო გუნდში ორი ახალი სახეა – თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ჯუანშერ ბურჭულაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ქარსელაძე. ნდობის მისაღებად მთავრობას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ბიგვავა: გახარია კიდევ ერთხელ გახდა ხელისუფლების და პარტიის მეხამრიდი დრო გვიჩვენებს ყველაფერს
შემდეგი სტატიათავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა 1921 წელს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს