“პარლამენტი ხვალ საბოლოოდ მიიღებს საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციას, რომლითაც სათანადოდ მოწესრიგდება ქვეყნის თავდაცვის საკითხები”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საკონსტიტუციო ცვლილებებზე თავდაცვის უწყების კონტექსტშიც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით, სათანადოდ მოწესრიგდება ქვეყნის თავდაცვის საკითხები.

”საქართველოს პარლამენტის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა თავდაცვის სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობის სრულყოფაა, რასაც ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. საქართველოს პარლამენტი ხვალ საბოლოოდ მიიღებს საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციას, რომლითაც სათანადოდ მოწესრიგდება ქვეყნის თავდაცვის საკითხები. საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე, საქართველო ყალიბდება ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიად. მკაფიოდ და სათანადოდ, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის შესაბამისად, წესრიგდება და იმიჯნება უმაღლესი კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებები თავდაცვის სფეროში. განსაკუთრებით ეს ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა საომარი და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და მართვა, თავდაცვის ძალების მართვა და სამხედრო ძალების გამოყენება. ძლიერდება პარლამენტის როლი და ფუნქციები თავდაცვის სფეროში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საკონსტიტუციო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საკონსტიტუციო მნიშვნელობის ამოცანად განისაზღვრება.

”საქართველო და ცივილიზებული სამყარო დღეს დგანან უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. თუმცა, ისტორიული გამოცდილება გვკარნახობს, რომ მშვიდობის მოსურნე სახელმწიფოების მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობით და საერთო ღირებულებებზე შეთანხმებით, ყველა დაბრკოლების გადალახვაა შესაძლებელი. საქართველო მზადაა, კვლავაც დარჩეს ნატო-ს და მისი მეგობარი ქვეყნების ერთგულ და ღირსეულ პარტნიორად ამ უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულებაში”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში“ქართული მხარე მზად არის გააფორმოს კონტრაქტი ნეიტრალურ კომპანიასთან იმპლემენტაციაზე და რუსეთისგან მოელის შესაბამის ნაბიჯებს”- ჯანელიძე
შემდეგი სტატიაჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე რაუნდი – საქართვლოს საგარეო უწყების განცხადება