პარლამენტი ინტერპელაციის წესით დღეს მამუკა ბახტაძეს და მიხეილ ბატიაშვილს მოუსმენს

საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი ახალი წესით – ე.წ. ინტერპელაციის ფორმატში დღეს პარლამენტში პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილს მოუსმენენ.

პრემიერ-მინისტრი ინტერპელაციის წესით პარლამენტში ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა. ფრაქციამ მამუკა ბახტაძე კრიმინოგენული ვითარების საკითხთან დაკავშირებით დაიბარა და მისგან ელის პასუხს კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების მკვეთრი ზრდა.

ინტერპელაციის წესით პარლამენტში “ევროპულმა საქართველომ“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მიიწვია. მინისტრისადმი მათი კითხვები პედაგოგების ხელფასებისა და გამოცდების გაუქმების ინიციატივას ეხება.

ინტერპელაციის წესი პარლამენტის ახალი რეგლამენტით დამკვიდრდა. აღნიშნულის მიხედვით, პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს ან ფრაქციას უფლება აქვთ შეკითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, ან მთავრობის წევრს. შეკითხვის ადრესატები ვალდებულნი არიან შეკითხვას პირადად უპასუხონ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ინტერპელაციის ფორმატი პოლიტიკური დებატების გამართვასაც ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიარარაობა, თვითონ არ იცის რას ყბედობს – მაჩალიკაშვილი წულუკიანზე
შემდეგი სტატიაბუენოს-აირესის საბჭომ დავით ზალკალიანს საპატიო სტუმრის სტატუსი მიანიჭა, ქალაქის ერთ-ერთ სკვერს კი, თბილისის სახელი