პოლიტიკის ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი პარლამენტში დეპუტატებს, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონ სპორტსმენებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას კანონზომიერ მოვლენად მიიჩნევს. „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ექსპერტმა აღნიშნა, რომ დღეს საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკოსები თითზე ჩამოსათვლელია.
„რაც გუშინ ვიხილეთ, ვფიქრობ კანონზომიერია. შეიძლება ითქვას, რომ პარლამენტში პოლიტიკოსები ერთეულები არიან დარჩენილი, ძირითადად, პარლამენტი დამრტყმელი ძალებითაა დაკომპლექტებული. ისინი იქ იმიტომაც არიან, რომ პარლამენტში ძალადობრივად გაიტარონ ის ხაზი, რასაც სხვადასხვა გზავნილის სახით მიიღებენ. როდესაც პოლიტიკური კულტურა არა გაქვს, მუშტებზე იყურები და შესაბამისად, რაც გუშინ პარლამენტში ვიხილეთ, გასაკვირი სულაც არ არის“, — აცხადებს ხუხაშვილი.
ანალიტიკოსი ასევე გამოეხმაურა სოციალურ ქსელებში ხელისუფლების მხარდამჭერების ნაწილის პოზიტიურ რეაქციას სპორტსმენი დეპუტატების ჩხუბში ჩართვაზე და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში აგრესიის მთავარი წყარო თავად მმართველი გუნდია.
„ხელისუფლება თითქოს გვეუბნება რომ სიძულვილის ენას ებრძვის, სინამდვილეში ისინი სიძულვილს ნერგავენ, ზრდიან დაპირისპირების ხარისხს, პროპაგანდის მეშვეობით ვითარების ესკალაციას ახდენენ. ხელისუფლების მხრიდან ხდება აგრესიის გენერაცია. ეს აისახება იმათზეც, ვინც სხვადასხვა მოტივებით ხელისუფლებას უჭერს მხარს. ესეც არ არის გასაკვირი, რადგან, ის სიტუაცია, რაც პარლამენტშია, საზოგადოებაშიც არის კულტივირებული და ახლა ამას ვადევნებთ თვალს. მე მაინც იმედი მაქვს, რომ ასეთი ხალხი ბევრი არ არის. უბრალოდ, სოციალურ ქსელებში ისინი განსაკუთრებულადაც კი აქტიურობენ. და ეს ქმნის ყალბ განცდას რომ ბევრი არიან. სინამდვილეში, კი მე ასე არა მგონია იყოს“, — განმარტა გია ხუხაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ ხელისუფლებამ მოძალადეების წინააღმდეგ სამართალი აღასრულა, ხუხაშვილმა ორპირი უწოდა:
„კობახიძემ პარლამენტში ძალადობის აღკვეთაზე კი ილაპარაკა, მაგრამ მისმა თანაგუნდელებმა პარლამენტშივე ძალადობის დემონსტრირება მოახდინეს თავისივე კოლეგა დეპუტატებზე. ძალადობისკენ მოწოდება, ძალადობრივი მოქმედება მოდის ხელისუფლებიდან, ხელისუფლება ამკვიდრებს ამ ტრენდს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია. ამიტომ გვყავს ჩვენ ამდენი პოლიტპატიმარი და ამიტომ ხვალ რა იქნება, არავინ არ იცის“.
















