პარლამენტი 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვას იწყებს

საქართველოს პარლამენტი საკომიტეტო ფორმატში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვას დღეიდან დაიწყებს.

საკანონმდებლო ორგანოში ბიუჯეტის კანონპროექტზე დღეს სამ კომიტეტზე – იურიდიულ, თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებზე იმსჯელებენ.

2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მოცულობა 1 147.6 მილიონი ლარით იზრდება. მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ხარჯვითი ნაწილი 17 მილიარდ ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე 2021 წლის ბიუჯეტში ასახული არ არის „კოვიდ-19“-ით გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, აღნიშნული ხარჯები 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში აისახება.

მთავარი საფინანსო დოკუმენტის წინასწარი ვარიანტის მიხედვით, გათვალისწინებულია პედაგოგთა ნაწილის ხელფასების ზრდა, ასევე პენსიებთან დაკავშირებული ახალი სისტემა, რაც ნიშნავს, რომ პენსიის ზრდა ინფლაციაზე იქნება მიბმული.

„საქართველოს პარლამენტში შემოსულია 2021 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია, რომელიც საკომიტეტო განხილვების და მოსმენების შემდგომ შესაბამისი მოსაზრებებითა და შენიშვნებით უკვე გაიგზავნება საქართველოს მთავრობაში, შემდგომ უკვე წლის ბოლოს შემოვა უკვე გადამუშავებული საბოლოო ვერსია ბიუჯეტის პროექტის სახით. რაც შეეხება წარმოდგენილ ბიუჯეტს უნდა ითქვას, რომ ამ ბიუჯეტის ერთ-ერთი მიმართულება არის კორონავირუსიდან გამომდინარე არსებული გამოწვევების ეფექტიანად დაძლევა, ამ თვალსაზრისით ბიუჯეტის პროექტში ჩადებული არის ის მექანიზმები, რომელმაც უნდა მოახდინოს ეკონომიკური რეცესიის შედეგების აღმოფხვრა, ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და მოქალაქეების მდგომარეობის გაუმჯობესება. ამ მიმართულებით მთელი რიგი პროგრამებია გათვალისწინებული”, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

საპარლამენტო ოპოზიცია წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს მხარს არ უჭერს. როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს, წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი საზოგადოებაზე მორგებული არ არის.

„ქართული ოცნების მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობას ნამდვილად არ ვგეგმავთ. ამის აზრს ვერ ვხედავთ, იმდენად არაპროფესიონალურად არის შედგენილი საფინანსო დოკუმენტი და იმდენად არ ასახავს იმ უმწვავეს პრობლემებსა და გამოწვევებს, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვნად შეიცვლება არჩევნების შემდეგ, როდესაც ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ახლად ჩამოყალიბებულ კოალიციურ მთავრობას სწრაფ ტემპში მოუწევს ახალი ბიუჯეტის პროექტის შედგენა“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ.

პარლამენტი დღეიდან დაიწყებს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ბიუჯეტის პროექტის განხილვას, რასაც არჩევნების შემდეგ დაკომპლექტებული ახალი მოწვევის პარლამენტი გააგრძელებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქობულეთში მოცვის პლანტაციები გაშენდა
შემდეგი სტატიაქეთევან ბაკარაძე : ქართველმა ექიმებმა ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 12 დღის ჩვილი გადაარჩინეს