პარლამენტარები ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ ერთობლივ განცხადებას აწერენ ხელს

პარლამენტმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ ერთობლივი განცხადება მოამზადა. მასზე ხელმოწერა ნებისმიერ დეპუტატს შეუძლია.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელმომწერები სრულად იზიარებენ იმ ფასეულობებს, რომლებსაც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია ემყარება. ხელმომწერთა განცხადებით, ნატოს ღია კარის პოლიტიკა არის მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის დემოკრატიულ გარდაქმნაში.

“ერთიანი ვართ საქართველოს ნატოში გაწევრების მხარდაჭერაში და ვაცხადებთ შემდეგს:

  1. ერთხმად ვადასტურებთ, რომ ნატოს წევრობა არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უმთავრესი ინტერესი და ეფუძნება ერთსულოვან, ფართო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მხარდაჭერას.
  2. გამოვხატავთ მადლიერებას ალიანსისა და მისი წევრი სახელმწიფოებისადმი არსებითი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის, რაც საშუალებას იძლევა, საქართველომ გაზარდოს მედეგობა და ალიანსთან ურთიერთთავსებადობა, აგრეთვე მოემზადოს ნატოს წევრობისთვის.
  3. მოვუწოდებთ ნატოს და მის წევრ სახელმწიფოებს, განაგრძონ საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობა, ვინაიდან ქვეყანა ემზადება საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების მიერ ერთობლივად შეთანხმებული, დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის გამიზნული, ამბიციური რეფორმების განხორციელებისთვის, ასევე უზრუნველყონ უფრო მტკიცე დახმარების გაწევა და გამოცდილების გაზიარება მზარდი და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში.
  4. ხაზგასმით აღვნიშნავთ შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. ბოლო წლების განმავლობაში ფართო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარემო საგრძნობლად გაუარესდა. რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას და რეგიონის ქვეყნების დემოკრატიებს. არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, შავი ზღვის რეგიონში ნატოს ჩართულობა, როგორც მნიშვნელოვანი შემაკავებელი და მასტაბილიზებელი ფაქტორი, უწინდელზე გაცილებით მეტ მნიშვნელობას იძენს.
  5. მივესალმებით ამბიციურ ანგარიშს „ნატო 2030: გაერთიანებულები ახალი ეპოქისათვის“ და გამოვთქვამთ იმედს, რომ ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფცია სათანადოდ ასახავს ამ მოხსენების რეკომენდაციებს ღია კარის პოლიტიკის, შავი ზღვის შესახებ ნატოს ხედვისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მისი როლის თაობაზე. 6. გამოვხატავთ საერთო ერთგულებას უფრო ძლიერი ნატოსადმი, რომელიც მოქმედებს თავისუფლებისმოყვარე ერების, მათ შორის, საქართველოს, მშვიდობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობის დასაცავად.
  6. ხაზგასმით აღვნიშნავთ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობას საქართველოს ალიანსში გაწევრებასთან დასაახლოებლად. საქართველოს და აღმოსავლეთ ევროპის სხვა, ნატოს წევრობის მოსურნე ქვეყნების ნატოში გაწევრება გაამყარებს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, შეაჩერებს პოტენციურ აგრესორებს და დაგვაახლოებს „ერთიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპასთან“.
  7. გვჯერა, რომ ნატოს ბრიუსელის სამიტი იძლევა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე პროგრესის დაფიქსირების შესაძლებლობას. ვინაიდან საქართველო არ არის წარმოდგენილი აღნიშნულ სამიტზე, ნატოში ჩვენს პარტნიორებს ვთხოვთ, საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების ეს ერთობლივი განცხადება მიიღონ, როგორც საქართველოს ნატოში გაწევრების მკაფიო მრავალპარტიული მხარდაჭერა.
  8. გამოვხატავთ მზადყოფნას, გამოვიყენოთ ყველა ხელმისაწვდომი პლატფორმა, საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეების ჩათვლით, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს ნატოში უფრო ღრმა ინტეგრაციას და საბოლოო წევრობას.

დოკუმენტს ხელს ოპოზიცია და “ქართული ოცნება” აწერს. მას პარლამენტში შესვლის შემდეგ ენმ-ც შეუერთდება.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ საქართველოს გაუჩნდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის კიდევ უფრო მეტი პერსპექტივა
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – ორჯერ აცრილი მოქალაქეებისთვის გარკვეულ შეღავათებზე მსჯელობა მიმდინარეობს