პარიზის სპეცოპერაციას მსხვერპლი მოჰყვა – დაღუპულია ტერორისტი ქალი

ანტიტერორისტული ოპერაციის დროს, რომელიც პარიზის ჩრდილოეთით სანტ-დენისის რაიონში მიმდინარეობს, მსხვერპლი მოყვა.

როგორც ფრანგული სააგენტო „ფრანს-პრესი“ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, დაღუპულია ორი ადამიანი.

სააგენტო “როიტერზე” დაყრდნობით კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მხვერპლი ტერორისტი ქალია, რომელიც ასაფეთქებელი მოწყობილობით იყო აღჭურვილი. ცნობილია, რომ ანტიტერორისტული ოპერაციისას რამდენიმე პოლიციელი დაიჭრა. პოლიციასთან დაახლოებული პირის ინფორმაციით, რამდენიმე დაუდგენელი პირი ალყაშია მოქცეული.

პარიზის ჩრდილოეთით სპეცოპერაცია იმ სავარაუდო თავდამსხმელების დასაჭერად მიმდინარეობს, რომლებიც 13 ნოემბრის სისხლიანი ტერაქტის მონაწილეობაში არიან ეჭვმიტანილები.

13 ნოემბერს საფრანგეთის დედაქალაქში, სხვადასხვა ადგილზე ტერაქტების სერია განხორციელდა. ერთი აფეთქება მოხდა რესტორანში, 3 აფეთქება სტადიონ „სტად დე ფრანსის“ მახლობლად, სადაც საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებების ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა და რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა. გარდა ამისა, თეატრ „ბატაკლანში“, სადაც როკ-კონცერტი იმართებოდა, უცნობმა პირებმა მძევლები აიყვანეს. ტერაქტების შედეგად ოფიციალური მონაცემებით 132 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.

საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, უსაფრთხოების მიზნით ქვეყნის საზღვრებზე კონტროლი შემოიღეს, პარიზის ქუჩებში სამართალდამცველებთან ერთად, 1500 სამხედროა მობილიზებული. ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

banner
წინა სტატიაშიპარიზში სროლის ხმა ისმის
შემდეგი სტატიარამდენიმე წუთის წინ შეერთებულ შტატებში Air France-ის სამგზავრო ლაინერი აეროპორტში დასვეს